მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გურიელი" - გურული ჩაის ისტორია

გურიელი
24.04.25 12:07
1404

გურიელი, როგორც ქართული ჩაის ბრენდი საზოგადოებამ 15 წლის წინ, 2010 წელს გაიცნო, თუმცა ბევრად დიდია ისტორია, რომლის გაგრძელების იდეითაც იგი შეიქმნა. ბევრმა არ იცის, რომ ჩაი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი კულტურა და პრიორიტეტული დარგი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გახდა. პირველი ნერგის ჩამოტანა და მისი გაშენება საქართველოში გურიიდან იწყება და რეგიონის მაშინდელი მთავრის, მამია გურიელის სახელს უკავშირდება. ერთ დროს უცნობი მცენარის მოყვანამ საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ ჩაის წარმოება მომდევნო ათწლეულებში საქართველოში ყველაზე დიდ სოფლის მეურნეობად იქცა. 1885 წელს კი ქვეყნიდან პირველი ექსპორტიც ევროპაში განხორციელდა.

80-იან წლებში ჩაის ინდუსტრია 70 ათას ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებს და 190 ათას დასაქმებულ ადამიანს ითვლიდა. ამ დროისთვის საქართველო მსოფლიოში ჩაის მე-5 ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო. მან განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩაის გაშენების კვლევასა და განვითარებაშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველად, სწორედ ქართველმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, განსაკუთრებული თვისებების მქონე ჩაის სელექციური ჯიშების გამოყვანის შესაძლებლობა. გენერაციული სელექციური გზით მათ 16-ზე მეტი ქართული სელექციური ჯიში შექმნეს. სწორედ ეს არის მემკვიდრეობა, რომლის შემონახვის იდეა გურიელმა ბრენდის დაბადების საწყისად აქცია.

“დღესდღეობით, კომპანიის ნედლეულის ბაზა გურიის მთიანი ზონის 100ჰა ჩაის პლანტაციას შეადგენს. მათი ნაწილი ჯიშობრივი გაუმჯობესების შედეგად გამოყვანილი სელექციური პლანტაციებისაგან შედგება, შესაბამისად ყინვაგამძლეობითა და მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით ხასიათდება. საქართველოს ბუნებრივი კლიმატური პირობები ქართული ჩაის უნიკალურ ხასიათს განაპირობებს. პლანტაციები არ საჭიროებენ ჰერბიციდებისა და პესტიციდების გამოყენებას. გურიელის განახლებული საწარმო 2015 წელს გაიხსნა და იგი ყოველდღიურ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს, რათა უზრუნველყოს პროდუქტების გადამუშავება-შეფუთვის პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ქართული ჩაისთვის საექსპორტო პოტენციალის დაბრუნების თვალსაზრისითაც. აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, ესტონეთი, პოლონეთი - არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც გურიელმა საკუთარი პროდუქცია გაიტანა. დიდია კომპანიის კომერციული გეგმებიც. გლობალური ტენდენციები ყოველწლიურად ჩაის და ჩაის ბაზაზე დამზადებული პროდუქტების მოხმარების მნიშვნელოვან ზრდას გვკარნახობს. ეს გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ ადამიანებმა ცხოვრების ჯანსაღი წესისაკენ მეტი დროისა და ყურადღების მიმართვა დაიწყეს. შესაბამისად მატონიზირებელი სასმელებისა და მათ ბაზაზე შექმნილი ვარიაციების (როგორიცაა, მაგალითად ცივი ჩაი - გურიელის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხაზი) წილი ყოველდღიურ მოხმარებაში შესამჩნევად იზრდება. “ - ლევან გოგავა, გურიელის გენერალური დირექტორი.

“ჩაი ყველა ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა საზოგადოებამ კიდევ ბევრი რამ არ იცის ქართული ჩაის და მისი შესაძლებლობების შესახებ. ცხოვრების სწრაფ ტემპში, თითქოს ყავა უფრო ლოგიკური არჩევანია, თუმცა გვავიწყდება, რომ სწორედ ჩაია გრძელვადიანი ენერგიის წყარო. და ასევე ისიც, რომ ზოგჯერ გაჩერება და მომენტით ტკბობაც საჭიროა. სწორედ ამ იდეის მატარებელია გურიელი. მომავალი მიზნებისკენ სვლამ და თანამედროვე ადამიანის მოლოდინებთან მიახლოების სურვილმა გადაგვაწყვეტინა ბრენდის იერსახის სხვაგვარად გაცოცხლებაც. დიდ ხნიანი არსებობის შემდეგ პროდუქტი ითხოვდა იმ ვიზუალური სტილის განახლებას, რა სახითაც ადამიანები გურიელს წლების განმავლობაში ხედავდნენ. პროდუქტის იერსახეში უნდა გადათარგმნილიყო ქართული ჩაის მემკვიდრეობა ისე, რომ ამავდროულად იგი ყოფილიყო ახალი სიცოცხლის მატარებელი. სწორედ ამ ხედვამ შთაგვაგონა, შეგვექმნა პროდუქტის ახალი, ილუსტრირებული ვიზუალიზაცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა გურიის ისტორიიდან შემორჩენილ არქივის კადრებზე. სტრატეგიასა და ვიზუალურ ბრენდინგზე სააგენტო ფლეიმეიქერსმა იმუშავა. “

„ჩვენი ამოცანა იყო გურიელის ვიზუალური სტილი გაგვეხადა მკაფიო და ცოცხალი, ისეთი, როგორიც ამ ბრენდის ხასიათს შეესაბამება. სტრატეგიაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ ბრენდი აფასებს მარტივი ცხოვრებისეული მომენტებით ტკბობას, დროს. ის ერთი მხრივ დამახასიათებელი სილაღით და სისხარტით ითვისებს სიახლეებს და ნერგავს მათ და მეორე მხრივ, ამაყობს წარსულით, საკუთარი ფესვებით. ბრენდინგზე მუშაობისას მივაგენით დონ კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატებს, რომელიც გურიას 1634 წელს ეწვია. ასევე, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ნამუშევრებს, რომელმაც გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა. სწორედ ეს გახდა შთაგონება, რომელიც შემდეგ ახალ ვიზუალურ სტილში სხვა ელემენტებთან ერთად გავაცოცხლეთ. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლისთვის გაგვემარტივებინა არჩევანი და შეფუთვა გაგვეხადა ინფორმაციული. განსხვავებული ფერები და სიმბოლოები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტზე იმუშავეს დიზაინერებმა სერგო ტიტენკოვმა და ეკა ჩიკვაიძემ. წარმატებას ვუსურვებთ ამ ბრენდს, რომელმაც მთელს გუნდს ჩაი მეტად შეგვაყვარა.“ - მარი ლორთქიფანიძე, ფლეიმეიქერსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები