საქართველოში დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძლიერება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანში, შპს „BOLERO & COMPANY“-ს და შპს „გრუზვინპრომის“ ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით, 1000-ზე მეტი საწარმო გადაიარაღდა, ასევე, გაიხსნა ახალი საწარმოები.
"მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოსთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იდენტობა დღემდე შემოინახა და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება. მოხარული ვარ, რომ ეს საწარმო გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ - 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის სოფლად წელმაგარი, წელში გამართული ოჯახების არსებობის საწინდარი, რაც ქვეყნის ძლიერების წინაპირობაა.
"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზარი რუსეთის სახით, მაგრამ ვითვისებთ ახალ ბაზრებს, როგორიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, ასევე - ჩინეთის ბაზარს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება, ასევე აშშ-ში იზრდება ქართული ღვინის რეალიზაცია და ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობის მიზანდასახული ქმედებებით, მივაღწევთ რეალიზაციის დივერსიფიკაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ბორდოში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, უაღრესად საამაყოა, რომ მსოფლიო მეღვინეობის ბიზნესის ცენტრის, ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, რომელიც 31 მაისს გაიხსნა, საქართველოსთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა, ხოლო მომავალ წელს მთელი სეზონი ქართულ ღვინოს და მეღვინეობას მიეძღვნება.
"საქართველოს ექნება საშუალება, ბორდოში წარმოადგინოს ქართული მეღვინეობის მიმართულება, როგორც აკვანი მსოფლიო მეღვინეობის ცივილიზაციისა. ჩვენთვის უაღრესად საამაყოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და ბორდოს მერი თავიანთ გამოსვლაში ახსენებენ, რომ საქართველო მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანია. ეს არის უდიდესი მიღწევა", - განაცხადა პრემიერმა და ამ უდიდეს მოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქართველ მეღვინეებს, "შუხმან ვაინსის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებს.

























