მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურული „აკეთის“ ჩაი შესაძლოა სკოლების ეზოებში, ან მიმდებარედ გაიყიდოს - დამფუძნებელი

616968ac2793c
ინგა მურუსიძე
16.10.21 00:12
1464
უკვე ორი წელია ბაზარზე ქართული, ნატურალური გურული ჩაი „აკეთი“ გამოჩნდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, სერგო გაგუა bm.ge-ს უყვება, მომავალი წლიდან უკვე მწვანე ჩაის წარმოებასაც გეგმავს, ასევე შავი ჩაის სხვადასხვა არომატებით, მათ შორის ლიმნით.

„აკეთი“ 14 ადამიანს ასაქმებს ჩაის კრეფისთვის, ხოლო გადამუშავებას ამ ეტაპისთვის ოჯახის წევრების რესურსით ახერხებს.

„დაახლოებით ორი წლის წინ, 3 ჰექტარ მიწაზე გადავწყვიტეთ ჩაის პლანტაციის აღდგენა. ეს არის ჩვენი საოჯახო ბიზნესი, მოვიძიეთ თანხები ოჯახშივე და გადავწყვიტეთ, თავადვე გაგვეხსნა მცირე წარმადობის ფაბრიკა. შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიცია სრულად ჩვენ ჩავდეთ, დაახლოებით 70 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა გაგუამ.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს მოსავალი საკმაოდ ცოტა იყო, ხოლო წელს 5 ტონა ჩაი მივიღეთ. მწარმოებელი მომავალ წლებში მოსავლის გასამმაგებას ელოდება.

„ქართულ ბაზარზე ვართ წარმოდგენილი არაერთ მაღაზიაში, თუმცა სამწუხაროდ, ქსელურ მარკეტებში შესვლას ვერ ვახერხებთ, მონოპოლიზებული გარემოს გამო“, - ამბობს სერგო გაგუა.

მას ჩაის გატანა ექსპორტზეც სურს, თუმცა ამ ეტაპისთვის ამობს, რომ ვერ ხერხდება ჩაის სიძვირის გამო.

„ვეძებთ მყიდველებს უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა არ გადის, რადგან ჩვენი ჩაი 1 კგ 35 ლარი ღირს“, - განაცხადა სერგო გაგუამ.

მწარმოებელი მიმდინარე წელს ჩაის რეალიზაციის გაზრდისთვის სამი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას აპირებს: ასაწონი ჩაის შეტანა ბაზარზე, დეგუსტაცია-გაყიდვა სკოლების ეზოებში ან მიმდებარე ტერიტორიებზე და კუთხის გახსნა გლდანი მოლში, ასევე ჩაის სადეგუსტაციოდ.

სერგო გაგუას თქმით, სკოლებთან მიმართებაში მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და დარწმუნებულია, რომ „აკეთის“ ჩაის დეგუსტაცია-გაყიდვის დახლები მალე გამოჩნდება.

გარდა წარმოებისა და კონკრეტულად „აკეთის“ ჩაისა, სერგო გაგუა ჩაის ინდუსტრიის პრობლემებზეც გვესაუბრა. ის რამდენიმე საკითხს გამოყოფს და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაში არსებულ შეზღუდვებს ასახელებს.

„როცა ჩაის პლანტაციის განახლება გადავწყვიტე, პირველი, რაც ვიფიქრე, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ პროგრამაში ვერ ჩაერთვები, თუკი 5 ჰა პლანტაციას არ ფლობ, მე მხოლოდ 3 მქონდა. ამხელა მიწა თითო გლეხს არ აქვს, ხოლო კოოპერატივს რაც შეეხება, ადგილობრივ მეწარმეებს უჭირთ კოოპერატივში ჩართვა. ფერმერებს არ აქვთ იმდენი განათლება, რომ კოოპერატივი შექმნან, წილები გაინაწილონ და დახმარება მიიღონ. ეშინიათ ადამიანებს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა, ალბათ დახმარება უნდა გაიცემოდეს ყოველ თითო ჰექტარზე და არა აუცილებლად 5 ჰექტრის შემდგომ.

ასევე მინდა პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზეც ვისაუბრო. ჩვენ ფასში ვერ ვუწევთ კონკურენციას შემოტანილ, უხარისხო ჩაის. აზერბაიჯანიდან, ირანიდან შემოაქვთ ჩაი, ფუთავენ და ყიდიან აქ იაფად, ჩვენი ჩაი შედარებით ძვირია და მომხმარებლის მსყიდველთუნარიანობიდან გამომდინარე, ვეღარ იყიდება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი. თუკი ჩაის ხარისხი გაკონტროლდება, ვფიქრობ, ეს ქართული ჩაის რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა ვახსენო, არის ის, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა სექტორის გადარჩენა, უნდა იფიქრონ სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაის შეტანაზე. სასჯელაღსრულებაში, ქართულ ჯარში, ქართული ჩაი უნდა შედიოდეს და ეს ჩვენ რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. მეტ ადამიანს დავასაქმებთ და ინდუსტრიაც მეტად ამოქმედდება“, - ამბობს სერგო გაგუა და დასძენს, რომ ქართული ჩაი მცირე საწარმოებისთვის სერიოზულ პრობლემას ქსელურ მარკეტებში შესვლის საკითხი წარმოადგენს.

„ქსელურ მაღაზიებში ვერ შევდივართ, იმიტომ, რომ მონოპოლიზებულია და ეს სერიოზული დაბრკოლებაა“, - ამბობს „აკეთის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები