ინოვაციური სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, Yara-ს წარმომადგენლები – ბიზნესის განვითარების მენეჯერი ევროპაში, რემკო ბროსი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მენეჯერი, ვადიმ ლევკოვსკი საქართველოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა პარტნიორ კომპანია „აგროსფეროსთან“თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ამასთანავე, წარადგინეს პროდუქციის ახალი ხაზი, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ მალე შემოვა.
რამდენ წელს ითვლის ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა? რით არის გამორჩეული Yara-ს პროდუქცია და როგორ იქმნება ისინი? – რემკო ბროსსა და ვადიმ ლევკოვსკის ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ.
რამდენწლიანი პარტნიორობა აკავშირებს Yara-ს „აგროსფეროსთან“?
ვადიმ ლევკოვსკი: Yara „აგროსფეროსთან“ უკვე 19 წელია, თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად განვითარდა და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რითაც ჩვენი გუნდი ძალიან კმაყოფილია. რაც მთავარია, გვახარებს ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ საქართველოში. ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი ერთობლივი გეგმა გვაქვს.
საქართველოში სტუმრობისას, „აგროსფეროს“ თანამშრომლებისთვის ჩაატარეთ სემინარი. რას შეეხებოდა ის?
ვადიმ ლევკოვსკი: სემინარის მიზანი იყო არა მხოლოდ „აგროსფეროს“ მენეჯერებისთვის, არამედ მთლიანი გუნდისთვის გაგვეცნო Yara-ს ახალი პროდუქციის, ბიოსტიმულატორების ხაზი – YaraAmplix. გვჯერა, ამ ტიპის პროდუქცია დიდ დახმარებას გაუწევს ქართველ ფერმერებს.
გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს პერიოდულად შევხდეთ „აგროსფეროს“ გუნდს, რადგან ეს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებას გვაძლევს. ამასთანავე, ამ ტიპის ინტერაქცია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო გზაა.
მოგვიყევით Yara-ს შესახებ. რა პროდუქციას აწარმოებს კომპანია?
რემკო ბროსი: Yara გლობალურად ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასუქების მწარმოებელი კომპანიაა. მთავარ ფოკუსს ხარისხიანი და მაღალეფექტური პროდუქციის შექმნაზე ვაკეთებთ. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მდგრადი მეურნეობის განვითარებას.
იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღოთ, აუცილებელია სწორი და უსაფრთხო ნედლეულის შერჩევა. ამიტომ ამ პროცესს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. იმას, რომ Yara-ს სასუქები მართლაც გამორჩეულია, ჩვენ მიერ მოპოვებული ISO სერტიფიკატებიც მოწმობს.
რამდენად იყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს წარმოების პროცესში?
რემკო ბროსი: Yara-ს წარმოება უახლეს ტექნოლოგიებს ეფუძნება, რადგან ეს ხარისხიანი პროდუქციის შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა ამ ტექნოლოგიების მიღმა უდიდესი ცოდნა და გამოცდილება დგას.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად შენდება ახალი ქარხანა YaraVita-ს ხაზის პროდუქციისთვის, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და გააორმაგებს ჩვენი წარმოების შესაძლებლობებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა იქნება.
უნდა ვახსენოთ Yara-ს ანალიტიკური ლაბორატორიაც. რაში ეხმარება ის ფერმერებს?
ვადიმ ლევკოვსკი: Yara-ს ლაბორატორიაში ნიადაგისა თუ ფოთლის ანალიზი კეთდება. ის შესაძლებლობას გვაძლევს შევისწავლოთ ნიადაგის პოტენციალი თუ მცენარის საჭიროებები და სასუქებიც შესაბამისად შევარჩიოთ. სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებების სწორად დაგეგმვით კი არა მარტო ხარისხიან და მაღალ მოსავალს ვიღებთ, არამედ მნიშვნელოვნად ვზოგავთ ხარჯებსაც.
რემკო ბროსი: „აგროსფეროს“ მეშვეობით Yara-ს ლაბორატორიაზე ხელი მიუწვდებათ ქართველ ფერმერებსაც. ეს ხელსაყრელია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ Yara-სთვისაც. საქართველოს ნიადაგის შესწავლა, მისი საჭიროებების გამოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს სწორად შევარჩიოთ პროდუქტები საქართველოს ბაზრისთვის ან შევქმნათ ისეთები, რომლებიც ქართველ ფერმერებს პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში დაეხმარება.