ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვისა და მოქალაქეების რიგების შესახებ ფოტო და ვიდეომასალა აქტიურად ვრცელდება. მოქალაქეები მეტროთი, ავტობუსებით და თუ მიკროავტობუსებით გადაადგილებისას სირთულეებსა და დისკომფორტზე საუბრობენ.
დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რიგ ლოკაციებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა დედაქალაქს დღეისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების დეფიციტი არ აქვს.
ამის პარალელურად ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე აცხადებს, რომ ახალ ქსელზე გადაწყობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი 18-მეტრიანი ავტობუსები იყო, რომელსაც ძირითად ქუჩებზე უნდა ემოძრავათ. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მომდევნო წლისთვის გადაიდო, ქალაქში ტრანსპორტის სიმძლავრეების სიმცირეა.
“პრობლემა ის არის, რომ ეს სატრანსპორტო ქსელი, რომ გადაეწყო ახალ ვარიანტზე 18-მეტრიანი ავტობუსები და 10 დერეფანი არ გამოგვიწყვია. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რაც ავტოპარკის 20%-ია. სიმძლავრით, რადგანაც დიდი ავტობუსებია და მთავარ ხაზებს უნდა მოემსახუროს მთავარი გამწევი ძალა ეგ არის. ასევე გვაკლია როგორც ავტობუსები ისე ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა მოეწყოს ყველა მთავარ არტერიულ ქუჩაზე.”-აცხადებს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე.
ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტოპარკის განახლება დასრულდა, რეფორმა კი სრულად 2023 წელს უნდა დასრულდეს. თბილისის მერიის არაერთი განცხადებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პროცესის საბოლოო ფაზა 18-მეტრიანი ავტობუსების დედაქალაქში შემოყვანაა, რომელიც წლებია ანონსდება.

























