გურიის ნაწილის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობს, რომ ასეთ სოფლებში მოსახლეობასთან მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 40-მდე სახლია დაზიანებული.
"ლანჩხუთში ინტენსიური თოვის შედეგად შეიქმნა სერიოზული პრობლემები, მათ შორის მთლიანად გურიაში. უკვე მერამდენე დღეა გადაუდებლად თოვს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ის ტექნიკა, რომელიც თავიდანვე იყო მობილიზებული ფიზიკურად ვერ ახერხებს თოვლის წმენდას, საჭიროა ე.წ. გუსენიციანი, რკინისსაბურავებიანი ტექნიკის მუშაობა.
გარკვეულ ადგილებში გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯერ ფიზიკურად მოსახლეობასთან ვერ მივედით და კომუნიკაცია არ გვაქვს. თოვლის საფარმა ამ სოფლებში 2.20 მეტრს გადააჭარბა, მათ შორის ქალაქში უკვე 1 მეტრამდეა.
ყველა სამსახურები ჩართულია, 24-საათიანი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი მოხდება თოვლის წმენდა, იმდენად ინტენსიური თოვაა, ფაქტობრივად თოვლი ისევ თავიდან საწმენდი ხდება.
ამ ეტაპისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა ითხოვს შველას. 40-მდე სახლია დაზიანებული, უფრო მეტი შემოდის ზარები, რომ სახლები იმტვრევა თოვლის მასიდან გამომდინარე“, - ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი „რუსთავი 2“-თან.