მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვაქვს ამბიცია, უცხოური კომპანიები ჩავანაცვლოთ“ - ბაზარზე ტაქსის ახალი კომპანია გამოჩნდა

643a410222df4
თინათინ ნატმელაძე
16.04.23 12:00
12257
პირველი მარტიდან ბაზარზე ახალი ქართული ტაქსის კომპანია MyVenio გამოჩნდა, რომელსაც უკვე 500-ზე მეტი პარტნიორი მძღოლი და რამდენიმე ასეული გამოძახება აქვს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ტაქსის გამოძახებისას დახარჯული თანხა სრულად სხვა ქვეყნებში გადის, Venio-ს შექმნის მთავარი მიზანი სწორედ ამ პრობლემის მოგვარება და შემოსული თანხის ისევ ქვეყანაში დარჩენაა.

„Yandex-ი რუსული კომპანიაა, მისი გამოყენების დროს კი მოქალაქეების დახარჯული თანხა რუსეთში გადის, რაც, ცხადია, საკმაოდ დიდი პრობლემაა. Yandex-იც და Bolt-იც საკმაოდ დიდ საკომისიოს იტოვებენ და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს უცხოური კომპანიები ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ, ამისთვის მომხმარებლებსაც და მძღოლებსაც სხვადასხვა, მათზე მორგებულ სერვისებს შევთავაზებთ“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა პირობებით გეგმავენ კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას, ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ მძღოლებს ექნებათ დაბალი საკომისიო, ხოლო მომხმარებლებს შეღავათიანი ტარიფები და ეტაპობრივი ფასდაკლებები.

„დავინახეთ, რომ ტაქსის გამოძახების სერვისში საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობა იყო, ამიტომ ამის გამოსწორება გადავწყვიტეთ - მაგალითად, 30 ლარს ქვემოთ გამოძახებებიდან 50 თეთრს დავიტოვებთ, ხოლო 30 ლარს ზემოთ 7%-ს, რაც საკმაოდ შეღავათიანია.

ასევე, მომხმარებლებს ე.წ. CashBack-ებს შევთავაზებთ, ბარათის მიბმის დროს ექნებათ 20%-იანი და 25%-იანი ფასდაკლებები და ა.შ.“, - ამბობს Venio-ს დამფუძნებელი.

მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის კომპანიას პარტნიორი მძღოლების რეგისტრაციის პროცესში ერთგვარი ფილტრი აქვს. დავით ჯაფარიძე გვიყვება, რომ 2000 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებს არ არეგისტრირებენ, ასევე, აუცილებელია მისი ვიზუალური და ტექნიკური გამართულობა და მძღოლს მანქანის მართვის ორწლიანი გამოცდილება ჰქონდეს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ქართული ტაქსის კომპანიის ამოქმედებაში რვა ადამიანია ჩართული, ამ ეტაპამდე სრულად პირადი სახსრებით მოვიდნენ, თუმცა განვითარებისა და აპლიკაციის დახვეწის მიზნით, თანადაფინანსებებისა და გრანტების მოძიებასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები