მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს ამბიცია, ვიყოთ შუამავლები კარგ კადრებსა და ბიზნესს შორის, მარკეტინგის მიმართულებით - "სოლუშენერი"

6411d7a419851
ნანუკა ნარიმანიძე
15.03.23 18:20
1087
უკვე სამი თვეა ბაზარზე ახალი კომპანია „სოლუშენერი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს გაყიდვების, მარკეტინგისა და პიარის მიმართულების ფორმირებას და კადრების მოძიება/დატრენინგებას სთავაზობს. კომპანიის გეგმებსა და მიზნებზე „სოლუშენერის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„არსებულ კომპანიებსა და ბიზნესებს თუ აქვთ გაყიდვების განყოფილება, ჩვენი კომპანია სრულ დიაგნოსტიკას აკეთებს და არკვევს რაშია მათი პრობლემა. გარდა ამისა, ჩვენ ბიზნესებს გაყიდვების სფეროში შესაბამისი კადრების მოძიებაში ვეხმარებით, ამ სფეროში ყოველთვის კადრების ნაკლებობა იყო, სწორედ ამიტომ, გვაქვს ამბიცია ვიყოთ შუამავლები კარგ, გამოცდილ კადრებსა და ბიზნესს შორის, თუ ბიზნესს გაყიდვებში, პიარში ან მარკეტინგში სჭირდება დახმარება“, - განმარტა ნანა აბურჯანიძემ.

ის Bm.ge-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანია, გარდა კადრების მოძიებისა, ბიზნესებს გაყიდვების განყოფილების შექმნასა და გამართულად ოპერირებაში დაეხმარება.

„ძალიან ბევრ დამკვეთს არ ესმის, როგორი ანაზღაურების სისტემა უნდა ჰქონდეს გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, არ იციან სამოტივაციო სქემების შექმნა და მადლიერების გამოხატვა, სწორედ ბაზარზე ასეთი ჩავარდნის გამო, დაფუძნდა ჩვენი კომპანია, რათა სხვა ბიზნესებს ამ პრობლემების მოგვარებაში და გამართულად მუშაობაში დაეხმაროს“,- აღნიშნა მან.

აბურჯანიძის ინფორმაციით, კომპანიამ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა უნივერსიტეტთან მუშაობა სტუდენტების გადამზადების მიმართულებით.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ვცდილობთ გამოვნახოთ ისეთი კადრი, რომელიც გაყიდვების, მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით გამოადგება კომპანიას, რასაკვირველია, ვაპირებთ ყველა სტუდენტების გადამზადებას და მათთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას, პროფესიონალების დახმარებით“ - დასძინა აბურჯანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები