ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი" დედაქალაქის ცენტრში, დინამოს სტადიონთან ახლოს, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს.
"გრანდ ავენიუ არქისგან" საცხოვრებელი უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული მომავალი მობინადრეების საჭიროებებზე.
პროექტის შესახებ დეტალურად BMG-სთან "არქის" დამფუძნებელმა, ილია წულაიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "გრანდ ავენიუს" პროექტს უნიკალურს როგორც მისი მასშტაბები, ასევე დაგეგმარება და რეკრეაციული ზონები ხდის.
"ეს არის უნიკალური, ისეთი პროექტი, როგორც არც "არქის" და არც არავის არ გაუკეთებია ჯერ საქართველოში. იქნება თბილისის ცენტრში ყველაზე დიდი უბანი, რომლის ტერიტორიაც 20 ჰექტარია და გვაქვს ამბიცია, რომ ეს იქნება თბილისის ახალი ცენტრი. მასშტაბითაც უძრავ ქონებაში ეს არის ყველაზე დიდი პროექტი, რაც კი საქართველოში ოდესმე დაწყებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ამაყები, რომ ამ პროექტს ჩავუდექით სათავეში.
პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ ქალაქის ცენტრშიც კი მას დაბალი განაშენიანება აქვს, კოეფიციენტი დაახლოებით 2-ია, რაც ცენტრისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, ტერიტორიის 75% გამწვანებას და რეკრეაციას დავუთმოთ. [ტერიტორიაზე] ფაქტობრივად, რამდენიმე ხე არის შემორჩენილი, მათი უმეტესობა დაზიანებულია. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გამწვანდება და ლანდშაფტზე ავსტრალიაში ცნობილი დიზაინერი, კომპანია OCULUS-ის ლანდშაფტის არქიტექტორი ბობ ერლი", - განაცხადა ილია წულაიამ.
"არქის" დამფუძნებელი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ პროექტში გათვალისწინებულია ყველა იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც უბნის მობინადრეს შეიძლება დასჭირდეს. საუბარია როგორც გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ ზონებზე, ასევე სამუშაო სივრცეებსა და სპორტულ კომპლექსებზე.
"პროექტში იქნება ყველაფერი, რაც კი შეიძლება იქ მობინადრეს დასჭირდეს, უბნიდან გაუსვლელად: სავაჭრო სივრცეები, კაფე, რესტორნები, საბავშვო ბაღი, სკოლა, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა; შენდება ქალაქში ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი როგორც შიდა სავარჯიშო, ისე დახურული აუზით და სპა ცენტრით. გვექნება ყველაზე დიდი სპორტდარბაზი ქალაქში, უამრავი სპორტული ინფრასტრუქტურა, კალათბურთის და ფეხბურთის სტადიონები, პარკები, პადელის ცენტრი, სადაც ცხრა პადელის კორტი გაკეთება, როგორც ღია ისე დახურული.
ცალკე პარკინგის შენობას ვაშენებთ, რისთვისაც იქ არის ძველი ქარხნის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ გადავაკეთებთ. აქ იქნება კაფეები, რესტორნები და სტარტაპერებისთვის ისეთი ტიპის ოფისი, როგორიც არის საზღვარგარეთ გადაკეთებულ ქარხნებში ხოლმე, სადაც შეიქმნება ახალი ბიზნესები; იქნება ტექნოლოგიური საქმიანი სივრცეები, ე.წ "ქოვორკინგ სფეისები" და სხვა", - განაცხადა ილია წულაიამ. მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მობინადრეს უბნის დატოვება მოუწევს, ამას მარტივად შეძლებს გვირაბით, რომელიც "გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან პირდაპირ დააკავშირებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ილია წულაიას თქმით, $1 მილიარდს აღემატება. როგორც "არქის" დამფუძნებელი აღნიშნავს, "გრანდ ავენიუს" პროექტირებაზე მსოფლიო დონის გუნდი მუშაობს, რაც როგორც თავად დეველოპერული კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ინვესტიციის მოზიდვას უზრუნველყოფს.
"ძალიან სერიოზული არქიტექტორები და დიზაინერები არიან ჩართული პროექტის მშენებლობაში. რომ დავიწყოთ გრგ-თი, მასზე მუშაობაში ჩართული იყო Chapman Taylor. არქიტექტურაში ჩართულია ჩვენი პარტნიორი, სინგაპურელი არქიტექტორი ვეი იაპ ოი, უმაღლესი დონის, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორია. ლანდშაფტის დიზაინში ჩართულია Oculus-ის დამფუძნებელი, რომელსაც უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული როგორც ავსტრალიაში, ისე აზიასა და ამერიკაში. შესაბამისად, ზუსტად ამ ერთობლივი მუშაობით გადაწყდა, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გაკეთდებოდა, გამწვანებაც შესაბამისი იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ამას დიდი ინვესტიციაც სჭირდება. სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, რომ "გრანდ ავენიუ" იქნება თბილისში ყველაზე პრესტიჟული უბანი, ქალაქის ახალი ცენტრი.
ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილად არის იმ მასშტაბების პროექტი, რომელიც შეიძლება იყოს ქართული ეკონომიკის და ამ სექტორის მამოძრავებელი. იმიტომ, რომ მასშტაბური პროექტია და დიდი ინვესტიცია იდება მეორეც, აქ, გარდა ქართველი მყიდველებისგან, ბევრი უცხოელი ინვესტორი და მყიდველი გვეყოლება. ათობით და შეიძლება უკვე ასზე მეტი უკვე უცხოელია დარეგისტრირებული, რომ ჩამოვიდეს სპეციალურად და ბინა აქ შეიძინოს. შესაბამისად, პროექტი მამოძრავებელია ეკონომიკისთვის, უცხოელი მოდის, ფული შემოაქვს, ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას, ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია შემოდის, დამატებითი ღირებულება იქმნება. ამ კუთხით ჩვენ არაერთი სარეკლამო კამპანია დავიწყეთ საზღვარგარეთ, რაც ასევე იწვევს ბევრი ინვესტიციის მოზიდვას ამ სფეროში. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის ეს არის საამაყო", - განაცხადა ილია წულაიამ.
"გრანდ ავენიუს" ოფიციალური პრეზენტაცია 20 სექტემბერს, ცოტნე დადიანის N32-ში გაიმართება. ამავე დღეს "არქი" მრავალწლიან ტრადიციას გაჰყვება და მომავალ მობინადრეებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.




























