პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც კერძო სექტორთან განიხილეს.
მამუკა ბახტაძე ამბობს, საუბარი შეეხო იმ რეფორმებს, რომესაც მთავრობა ახორციელებს. აქცენტი განათლების რეფორმაზე გაკეთდა. პრემიერმა თქვა, რომ მას აქვს კერძო სექტორის მხარდაჭერის მოლოდინი და რომ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ქვეყნის ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ის რეფორმები, რაც გატარდა და ის ინიციატივები, რომლის რეალიზაციაც ხდება დღეს, ეს არის მნიშვნელოვანია ნაბიჯი წინ. წინ იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე.
ჩვენ ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ვიცით, რომ ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ჩვენი ექსპორტი იზრდება რეკორდული ტემპებით, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი.
ჩვენ გვსურს მეტი, გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, ვისაუბრეთ ეროვნულ იდეაზე, განათლების რეფორმაზე. აქ კერძო სექტორის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, რამდენიმე კომპანიასთან ჩვენ უკვე წარმატებულად ვთანამშრომლობთ და მე მიხარია, რომ კერძო სექტორისგან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებაში მათ შეიტანონ მეტი კონტრიბუცია. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია, ეკონომიკის 6%, ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ეს არის მოლოდინი იმისა, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციას, 5%-ს ჩვენი ეკონომიკის და სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12%-იანი წილით“-განაცხადა ბახტაძემ.

























