მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვაქვს მყარი და დამაჯერებელი არგუმენტები - "მეტრა დეველოპმენტი" სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

5ce3d1f013798
BM.GE
21.05.19 14:20
727
„მეტრა დეველოპმენტი“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მშენებლობის ნებართვის დროებითი შეჩერების შესახებ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

მას შემდეგ, რაც მერიამ „მეტრა პარკის“ მე-20 სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა, მაცხოვრებლების ჯგუფმა, რომლებიც დიდი ხანია მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან, სასამართლოს მიმართა. „მეტრა დეველოპმენტი“ განმარტავს, რომ სასასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელსაც „მეტრა დეველოპმენტი“ კერძო საჩივრის წარდგენის გზით აუცილებლად გაასაჩივრებს და დაიცავს საკუთარ უფლებებს სააპელაციო სასამართლოში მყარი არგუმენტებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით.

სასამართლოსთვის წარდგენილი გარემოებებიდან ერთ-ერთი გარემოება არის გეოლოგიის დასკვნა, რომელიც მომჩივან მხარეს გარემოს ეროვნული სააგენტოსგან აქვს მოპოვებული.

„დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს არის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაწერილი დასკვნა, რომლის თანახმად, საპროექტო ტერიტორია საჭიროებს გეოლოგიურ კვლევას და შესაბამისი გადაწყვეტების გაკეთებას“. ყველა აღნიშნული ღონიასძიება კომპანიას გაკეთებული აქვს მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპზე. უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნაში არსად წერია, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მოხდა მომჩივნების მხრიდან სასამართლოსთან აპელირება, ეხება სატრანსპორტო საკითხს. მომჩივან მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს სატრანსპორტო სამსახურის წერილი სატრანსპორტო კვლევისთვის არეალების დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს პროექტის შესათანხმებლად სავალდებულო დოკუმენტს.

„ვაცხადებთ, რომ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში „მეტრა დეველოპმენტს“ წარდგენილი აქვს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც კანონით სავალდებულოა, მათ შორის სავალდებულო სატრანსპორტო სქემები, რომელიც შეთანხმებულია, როგორც ქალაქის ტრანსპორტის სამსახურთან, ასევე საპატრულო პოლიციასთან“, - განმარტავს კომპანიის იურისტი.

მომჩივანთა ჯგუფის განცხადებას იმის შესახებ, რომ „მშენებლობის ნებართვის შეჩერებით სასამართლომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“ „მეტრა დეველოპმენტი“ პასუხობს და განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასმართლოში განჩინების მიღებისას სასამართლოს წარედგინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის არგუმენტები. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა უკვე მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სრულყოფილად იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანთა ჯგუფსა და მეტრას შორის სასამართლო დავა ამ სარჩელით არ დაწყებულა, 2018 წლის ივნისში მომჩივანთა ჯგუფმა წარადგინა ორი სარჩელი, რომელთა მიხედვითაც მოითხოვეს მეტრა-პარკის განაშენიანების რეგულირების გეგმის (ე.წ. გრგ) დამტკიცების დოკუმენტების ბათილად ცნობა. ამ სასარჩელო წარმოების ფარგლებშიც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მათი მხრიდან მოთხოვნილ იქნა გრგ-ს მოქმედების შეჩერება, რაც არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. 2019 წლის იანვარში განმეორებით (ვითომ ახალი საფუძვლებით) მომჩივანთა ჯგუფმა კვლავ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განუხილველად იქნა დატოვებული, რაც ძალაში დატოვა ასევე სააპელაციო სასამართლომ. პარალელურ რეჟიმში მომჩივანთა ჯგუფი პერმანენტულად ასაჩივრებდა მერიის შესაბამისი სამსახურების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუმცა აქაც არცერთი ადმინისტრაციული განხილვა მათი წარმატებით არ დასრულებულა.

კომპანიის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ იურიდიული კომპანიები BLC და ITG.



(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები