შეშფოთებული ვართ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მედია დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი. საქმე ის არის, რომ გასული წლის პირველ მარტს, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.
„საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. უკრაინის მხრიდან ამისთვის გადაიდგა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი.
თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით“, - განაცხადა კასიანოვმა.