დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით და ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC მუშაობს.
პროექტის ხელმძღვანელი ჯეიმს კრეიგი ამბობს, რომ კვლევამ 300 ჰა ტერიტორია მოიცვა, სადაც სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელია, მისივე თქმით, სხვადასხვა ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისში მსგავსი ტერიტორიები მასობრივად დეგრადირდა. პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიის შექმნაზე, რათა დიღმის ჭალების აღდგენა შევძლოთ, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული საპარკე არეალია დედაქალაქში.
ყველაზე დიდი გამოწვევა ამ არეალთან მიმართებით დაბინძურებული ადგილებია, რომელიც ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრშია. ასევე, ტერიტორია დაზიანებულია მინერალების მოპოვების შედეგად. ამ ეტაპზე ჩვენ ვამუშავებთ სტრატეგიას, რომელიც ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივის აღდგენას მოიაზრებს და დაცული ტერიტორიების შექმნას გულისხმობს, იმისთვის რომ მოხდეს ეკოსისტემის აღდგენა", - ამბობს SMEC-ის პროექტის ხელმძღვანელი ჯეიმს კრეიგი.
ურბანისტების თქმით, დიღმის ჭალების 300ჰა ფართობის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დღეს საჯარო საკუთრებაშია, მიწების ნაწილი მუნიციპალიტეტს, ნაწილი კი სახელმწიფოს ეკუთვნის. თუმცა მათი თქმით, ტერიტორიის ნაწილი გასხვისებულია და კერძო მესაკუთრეები ფლობენ. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ტერიტორია არასარეკრეაციო მიზნით გამოიყენონ.
დიღმის ჭალების მცველი ანა ტრაპაიძე ამბობს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტისგან ჰქონდეთ გარანტია, რომ დარჩენილი ტერიტორიის გასხვისება და იჯარით გაცემა არ მოხდება. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობა განიხილებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ბევრად დიდ ფართობზეა საუბარი.
“უნდა გავმიჯნოთ პარკი, რომელიც დიდი ხანია დაანონსებულია, შეიცვალა რამდენჯერმე და უნდა მოეწყოს 8 ჰექტარ ტერიტორიაზე. მისი განხორციელება იგეგმება, მაგრამ ჩვენ ფოკუსს ვაკეთებთ გაცილებით დიდ ტერიტორიაზე. 300 ჰექტარი შესწავლილია, საიდანაც 100-120 ჰექტარი თავისუფლად შეიძლება დაეთმოს რეკრეაციულ, სატყეო ტერიტორიას.
ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს ტერიტორია ამჟამად არის მუნიციპალურ და სახელმწიფო ბალანსზე და აქვს სარეკრეაციო, ლანდშაპტური და სატყეო ზონა და ეს ზონალობა არ შეიცვლება, პირიქით - მოხდება გარანტიების მიცემა, რომ ის არ გაიყიდება და იჯარით არ გაიცემა, რათა მოექცეს ერთი დაცული ტერიტორიის ქვეშ", - ამბობს ანა ტრაპაიძე.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა, გარკვეულ ადგილებზე მშენებლობები შეზღუდა, თუმცა ამასთან ერთად გამოყო საქალაქო პარკების აუცილებლობა. დიღმის ჭალები იყო ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც თბილისის მერია ჯერ 11 მილიონის, ხოლო მერე 15 მილიონი ლარის დახარჯვასაც გეგმავდა. პროექტის დაწყება 2019 წელს, დასრულება კი 2020-ში იგეგმებოდა. გეგმები შეიცვალა, დღეს პროექტი ანონსდება ყოველ წელს, რომელიც ADB-ის დაფინანსებით უნდა გაკეთდეს, თუმცა ჯერ შესაბამისი ტენდერი არ გამოცხადებულა.
დოკუმენტი, რომელმაც დიღმის ჭალების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა უნდა გააერთიანოს, მზად ორ თვეში იქნება და მუნიციპალიტეტს წარედგინება.