ნარჩენების მართვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ბაზარზე არსებული გადამმუშავებელი საწარმოები აქტიურად ვერ ფუნქციონირებენ და ბოლო 3-4 თვეა გადასამუშავებელ საწარმოში ასოციაციებს პროდუქტი ვერ შეაქვთ. მისი თქმით, ნარჩენების მართვის ასოციაცია მზად არის, დაიწყოს საწარმოს აშენება. "შეგვიძლია გავაკეთოთ საწარმო, ეს იდეა ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე წამოვჭერით", - აღნიშნა მან გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ასოციაციას ორ თვიანი ვადა სჭირდება, რათა დაიგეგმოს საწარმოს მშენებლობა, განისაზღვროს რა ბაზრებზე შეუძლიათ გადამუშავებელი ნარჩენების გაყიდვა და რა ტექნოლოგიით შეიძლება პროდუქციის დამზადება.
“გადამუშავბა სახელმწიფოს მხრიდანაა წახალისებული და მისი ჩართულობა მსგავს პროექტებში არის აუცილებელი, ჩვენ ჩვენი არსებული რესურსებით მივიღებთ მონაწილეობას. შეგვიძლია გავაკეთოთ საწარმო, ეს იდეა ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე წამოვჭერით. არის ბევრი კითხვა, რა ტექნოლოგიით გავაკეთოთ საწარმო, რა რესურსია ქვეყანაში, როგორ გავალთ საერთაშორისო ბაზრებზე და როგორ გავყიდით მიღებულ პროდუქციას, რადგან ეს იქნება მთავარი მიზანი, ჩვენ გვჭირდება 2 თვიანი ვადა, რათა განვსაზღვროთ რომელ ბაზრებზე შეიძლება გაიყიდოს გადამუშავებული ნარჩენები, გვინდა აქტივობა გამოვავლინოთ როგორც საბურავების, ასევე ნარჩენი ზეთისა და ნარჩენი აკუმულატორის მიმართულებით”, - დასძინა მან.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ნებართვიანი საწარმოები ისეთი დატვირთვით ვერ იმუშავებენ, რომ რამდენიმე ასოციაციის პროდუქტი ჩაიბარონ.
“ბოლო 3-4 თვეა ქვეყანაში არც ერთი ნებართვიანი გადამმუშავებელი საწარმო ჩვენგან პროდუქტს ვერ იღებს, ჯერ არ დაუწყიათ პროცესები, მაგალითად, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტს" მუშაობა არ დაუწყია, მიზეზი ტექნიკური შეფერხება უნდა იყოს, ამასთან ჩვენი ასოციაცია გეგმის მიხედვით ვალდებულია ყოველდღიურად 50-70 ტონა ამოვიღოთ, ეს მინიმუმ 7-8 დიდი სატვირთო ტრაილერია, მსგავსად არის ჩვენნაირი 2 ასოციაცია, კითხვა არის, საწარმო "ჰაიდელბერგცემენტი" შეძლებს ამდენი მანქანის მიღებას? მხოლოდ მის იმედად ყოფნა არ არის გამოსავალი და გვჭირდება სხვა საწარმო, რომელიც შეგვიძლია ავაშენოთ”, - აღნიშნავს ის გადაცემა “საქმიან დილაში” ჩართვისას.
ვანო მთვრალაშვილის თქმით მიმდინარე პროცესები აქტიურად და დინამიკურად მიმდინარეობს, ამოღებული ზეთის, საბურავისა და აკუმულატორების ციფრი საკმაოდ დამაიმედებელია.
“წლის დასაწყისიდან დღემდე 800 ტონა ნარჩენი საბურავი, 400 ტონამდე ნარჩენი ზეთი და 200 ტონამდე ნარჩენი აკუმულატორია ამოღებული, ეს ციფრები საკმაოდ დამაიმედებელია, რადგან მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა და ჯერ ორგანიზებულად ეს პროდუქცია არავის ამოუღია”, - დასძინა მან.