კობა გვენეტაძე ამბობს იმასაც, რომ ეროვნული ბანკის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციით გამოწვეული დანაკარგი დაახლოებით, $300 მილიონი დოლარი იქნება.
კობა გვენეტაძის ვიდეომიმართვა
"ინფლაციაზე წნეხს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებდა, კერძოდ, გასული წლის ბოლოს პურპროდუქტების გაზრდილი ფასები და მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მომატებული გადასახადები. აღნიშნულს ასევე თან ერთვოდა ლარის აშშ დოლართან გაუფასურებით გამოწვეული იმპორტირებული ინფლაცია და შუალედური ხარჯების ზრდა.
წინა პროგნოზის მსგავსად, წლიური ინფლაცია, მიმდინარე პროგნოზის მიხედვითაც, მომდევნო წლის პირველი კვარტალის ჩათვლით, მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ის მიზნობრივს დროებით ჩამოსცდება და, შემდგომ, ეტაპობრივად ქვემოდან დაუახლოვდება მას. საპროგნოზო პერიოდში ინფლაციის გაზრდილი მერყეობა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების შედეგია, რაც ჯერ ლარის აშშ დოლართან გაუფასურებას და ინფლაციაზე აღმავალ წნეხს განაპირობებს, ხოლო შემდგომ კი ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებას და ინფლაციის შენელებას გამოიწვევს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

























