საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო.
ამის შესახებ კობა გვენეტაძემ პარლამენტში TBC ბანკის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2008 წლის ტრანზაქციაზეც დეტალურად ისაუბრა.
„ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M"და „სამგორი თრეიდი" გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო. ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო", - განაცხადა გვენეტაძემ.

























