მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე: ჩვენი გადაწყვეტილებების სამართლიანობაში ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი

5cab3429e9ac7
შოთა ტყეშელაშვილი
08.04.19 15:50
699

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა დასრულდა. მან საბანკო რეგულაციების, "თიბისი ბანკის"ა და სებ-ის საზედამხედველო ფუნქციების შესახებ ისაუბრა. დეპუტატებისადმი სიტყვით მიმართვაში გვენეტაძემ თქვა, რომ მას სებ-ის გადაწყვეტილებების სამართლიანობაში “ერთი წამითაც კი არ ეპარება ეჭვი.”

“ვფიქრობ, რომ პარასკევს პლენარულ სხდომაზე ჩემი გამოსვლა ამომწურავი იყო. საკმაოდ ბევრ დეტალსა და ფაქტზე ვისაუბრე, მათ შორის შევეხე ისეთ ფაქტებსაც, რომლებზედაც, როგორც წესი, საზედამხედველო ორგანოები საჯაროდ არ საუბრობენ და არც უნდა საუბრობდნენ. დიდი იმედი მაქვს რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ასეთ საკითხებზე საჯაროდ ვსაუბრობ. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილისთვის ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. მათი ნაწილის დარწმუნება შევძელი, ნაწილის ვერა. ზოგიერთი დეპუტატი გავანაწყენე კიდეც, თუმცა რას ვიზამთ, ერთია პოლიტიკოსის ტვირთი და მანდატი, მე კი, ჩემი მანდატი მაქვს. სხდომაზე ბევრი სხვადასხვა არასამართლიანი ბრალდება მოვისმინე, რომლებსაც მე ეროვნული ბანკის აბსოლუტურად აპოლიტიკური და მიუკერძოებელი მანდატიდან გამომდინარე, ვერც გამოვეხმაურები და ვერც შეფასებას გავაკეთებ მათზე. ვინაიდან საზოგადოებაც გვადევნებს თვალყურს, კიდევ ერთხელ, მსურს სრული გულწრფელობით განვაცხადო ამ ტრიბუნიდან - ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებებისა თუ გადაწყვეტილებების სამართლიანობაში ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი. 

ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ სუბიექტური აღქმა მაქვს, არამედ იმიტომ რომ ჩვენი ნაბიჯები ეფუძნებოდა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონით განსაზღვრულ ნორმებს, პროცედურებს და მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. შეგვიძლია განვაცხადოთ რომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებით ფინანსური სტაბილურობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლებს ვამტკიცებთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკს ამისათვის ყველა ბერკეტი გააჩნია. ეროვნულ ბანკში კვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ, ეს არის ის ხალხი, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროცესში. 

საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკას და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს. განხილვების დროს რამდენჯერმე გაისმა ფრაზები “ბანკის გაკოტრება”, “მეანაბრეების პრობლემები”, მსურს დავარწმუნო საზოგადოება და თითოეული ამ დარბაზში მყოფი - “თიბისი ბანკი” ისევე, როგორც ქვეყნის მთლიანი საფინანსო სისტემა არის ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სტაბილური. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულაციების გატარებას აქვს შეტანილი. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც მუდმივად ვითარდება. 

ჩვენ დიდი სიფრთხილით ვწონით თითოეულ სიტყვას ჩვენ განცხადებებში, როდესაც საკითხი კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება. შეგიძლიათ გადახედოთ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას. იმის გამო, რომ არ გვინდოდა გვესაუბრა დეტალებზე, საკუთარი რეპუტაციის რისკის შელახვის ხარჯზე უარი ვთქვით განცხადების გაკეთებაზე. ასეც იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ წამოსული თავდასხმები თავად არ გახდა რისკის შემცველი საფინანსო სისტემისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ძალიან ღია და გამჭვირვალე. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ ვრცელი ინფორმაცია, სადაც არის საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი და პიროვნებები, რომელთაც აინტერესებდათ ამ საქმეზე დეტალები აბსოლუტურად გაიგებდნენ თუ რასთან გვქონდა საქმე. 

“თიბისი ბანკთან” ერთად გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, ბანკმა ყველა სარჩელი გამოიტანა სასამართლოდან. “თიბისი ბანკის” შესახებ ტრანზაქციების საკითხი ჩვენი მხრიდანაც არის ამოწურული,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები