მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე: ის სავალუტო პოლიტიკა, რომელსაც სებ–ი ეწევა, გამიზნულია ლარის გრძელვადიან სტაბილურობაზე

5cfe2c79ec005
დავით ჯალაღონია
10.06.19 14:09
916
პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი დეპუტატებს სებ–ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო, ეს უკანასკნელი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

სებ–ის პრეზიდენტმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც ლარის კურსის გამყარების და გაუფასურების პერიოდში, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შევსებასთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკას ეხება.

"დერეფანთან და მოლოდინებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ის სავალუტო პოლიტიკა, რომელსაც სებ–ი ეწევა გამიზნულია იმაზე, რომ ლარის კურსი გრძელვადიანად იყოს სტაბილური. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო იყოს კონკურენტუნარიანი და ეს ამავე დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. სავალუტო ინტერვენციები იმ ზომით და იმ პრინციპით, რომლითაც ახორციელებს ეროვნული ბანკი, საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე გავლენას არ ახდენს. ამავე დროს, ის ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას.

მოგეხსენებათ, რომ სებ–ის საერთაშორისო რეზერვები ახლანდელ პერიოდში ყველაზე მიღებული მაჩვენებლის შესაბამისად არ არის ადეკვატური, ამიტომ იმ მომენტში, როდესაც ამის შესაძლებლობა არის, მნიშვნელოვანია, რომ რეზერვები დავაგროვოთ. სწორედ ამ პოლიტიკას ემსახურება ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია და ამავე დროს, მოწონებული ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების მიერ", – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს ახალი ტერმინის – "სავალუტო შუშაბანდის" შემოღება შესთავაზა.

"როდესაც სავალუტო დერეფანსა და თქვენს ინტერვენციებზე ვსაუბრობთ, ხომ არ ჯობია, შემოვიღოთ ასეთი ტერმინი – სავალუტო შუშაბანდი? იმიტომ, რომ ერთ მხარეს ყრუ კედელია – როდესაც ლარი სუსტდება, თქვენ არასოდეს ერევით, მეორე მხარე კი ყოველთვის ღიაა – ლარი როცა გამყარებას იწყებს, თქვენ პრაქტიკულად ძალიან ხშირად ერევით და ამით მოლოდინებს უქმნით ყველას და აქ უკვე გადავდივარ მეორე საკითხზე, რომ გამყარების მიმართულებით არასოდეს ეროვნული ბანკი არ ჩაერევა, შესაბამისად, ყველას – იმპორტიორსაც და ადგილობრივ მწარმოებელსაც აქვს მოლოდინი, რომ გაზრდილი ფასები უცვლელი დარჩება, ამიტომ ეს კიდევ უფრო აჩენს ინფლაციის მოლოდინს.

ინფლაციასთან დაკავშირებით თქვენ ორი კვირის წინ განმარტება გააკეთეთ, რომ წელს სამიზნე მაჩვენებელზე მეტი იქნება ინფლაცია და ალბათ, გესმით ამის ძალიან მძიმე ეფექტი ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. რამდენად მტკივნეეული იქნება ეს სოციალურად და ეკონომიკურად ჩვენი მოქალაქეებისთვის?", – მიმართა კითხვით დეპუტატმა სებ–ის პრეზიდენტს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები