ლარის კურსის დასტაბილურების პარალელურად, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 30 000 000 დოლარით შეავსო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ლარის სტაბილურ ნიშნულზე შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ცენტრალურ ბანკს გააჩნდეს საკმარისი რეზერვები, რათა პოტენციური რისკები თავიდან იქნას აცილებული.
"სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკ-პრემიუმის შემცირებაში, რომლის შემდეგაც მცირდება ის ფასი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური აგენტები სესხულობენ უცხოური ბაზრებიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.
რაც შეეხება იმ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს რყევები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომლითაც ის მიზანი (მიიღწევა), რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური; ამავე დროს საკმარისი რეზერვები ჰქონდეს ქვეყანას, რადგან პოტენციურ რისკებს გავუმკლავდეთ. ეს არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი. თუ გადახედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებს, მისი ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის შეფასებას, ცალსახად დაინახავთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი აწაროებს, მონეტარული, საზედამხედველო, სავალუტო პოლიტიკა, გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნება ,არის ცალსახად მოწონებული", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























