საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, დარეზერვების მოთხოვნის ზრდა ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება, თუმცა მის შედეგად, კომერციულ ბანკებს ერთ წლამდე ვადიანობის დოლარისა და ევროს რესურსის მოზიდვა გაუძვირდათ. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ერთ-ერთი ქრესტომათიული მეთოდია.
მისივე განმარტებით, ცალკეულმა საფინანსო ინსტიტუტებმა გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნის საპასუხოდ შესაძლოა, უცხოური ვალუტის დეპოზიტის სარგებელი შეამცირონ ან სავალუტო სესხის განაკვეთები გაზარდონ.
"ეს არის ქრესტომათიული მეთოდი და ბერკეტი, რომელიც არის გამოყენებული ცენტრალური ბანკების მხიდან და შეიძლება ითქვას, რომ ერთ–ერთი ყველაზე მოწონებული მეთოდია, რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული ცენტრალური ბანკების მხრიდან. ზოგადად, ეს არის ფინანსური მოწყვლადობის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგანაც გაცვლითი კურსის მერყეობის გამო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს არაჰეჯირებულ მსესხებლებზე აქვთ საკმაოდ დიდი მოწყვლადობა და რისკები ახლავს, აქედან გამომდინარე, თუ როგორ მოხდება ვთქვათ, ამის რეალიზება ბანკის მიერ, ეს შეიძლება იყოს დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, ეს შესაძლებელია იყოს სავალუტო სესხის საპროცენტო განაკვეთების გაზრდით. ეს დამოკიდებულია თითოეული ბანკის სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა ბინზესმოდელი აქვს თითოეულ ბანკს, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც ფინანსური სტაბილურობა უნდა განმტკიცდეს, რაც ლარით სესხების გაცემის სტიმულის შექმნას ისახავს მიზნად", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

























