მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვენეტაძე რეგულაციების გავლენაზე - ეკონომიკური ზრდა, რაც გამოქვეყნდა, ვფიქრობ, არის ჯანსაღი

5cc97834e431f
შოთა ტყეშელაშვილი
01.05.19 14:50
775
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კითხვაზე, თუ რა ეკონომიკური გავლენა მოახდინა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის ამოქმედებამ საქართველოს ეკონომიკაზე, უპასუხა, რომ მისი შეფასებით, ზრდის არსებული რიცხვები "კარგი და ჯანსაღია". ამასთანავე, გვენეტაძე კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებეს, თუ რა მოცულობის ნეგატიური გავლენა იქონია საბანკო რეგულაციებმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

"კითხვაზე დაზარალდა თუ არა სექტორი, გიპასუხებთ - მოდით, პირდაპირ შევხედოთ, ზრდა არის საკმაოდ ნორმალური, რომელიც დღეს გვაქვს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ზრდის შედეგებიც გამოქვეყნდა. მარტის თვეში იყო 6%, პირველ კვარტალში 4,7%, რაც ვფიქრობ, რომ არის კარგი და ჯანსაღი ზრდა. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ისეთი დიდი გავლენა ჰქონდა ამ რეგულაციას ზრდასთან დაკავშირებით", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი. 

კობა გვენეტაძე ასევე ამბობს, რომ სებ-ს არასოდეს გაუკეთებია მინიშნება იმის თაობაზე, რომ იპოთეკური სესხების მიმართულებით შესაძლოა, რეგულაციები შემსუბუქდეს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა პროცესს, თუ როგორ უარესდებოდა იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტები, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა. 

"მე არსად არ მითქვამს იპოთეკური სესხის მოთხოვნების შემსუბუქების შესახებ. მე ასეთი რამ არსად არ მითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად იმაზე, რომ სტანდარტები უნდა იყოს ჯანსაღი. აქ საუბარია სტანდარტზე, რომელიც უნდა იყოს ურთიერთობის საფუძველი მსესხებელსა და გამსესხებელს შორის. როდესაც მოხსენება გავაკეთე ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, აქაც ცალსახად გავეცი პასუხი იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ მარეგულირებელი და ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ რა სახის სესხები გაიცემა, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ის სტანდარტები, რომელიც არსებობდა ამ მიმართულებით, უფრო და უფრო სუსტდებოდა. ცალსახად იყო ასეთი მიმართულება, რომ თუ მსესხებელს აქვს თანამონაწილეობის თანხა და თუ ის იხდის ამ თანხას, ის უკვე შეძლებს სესხის მომსახურებას, რაც ასე არ არის. შეიძლება რაღაც დროის მონაკვეთში არსებობდეს თანამონაწილეობა, ე.წ. downpayment-ი, მაგრამ თუ მსესხებელს არ აქვს შემოსავლის წყარო, ის ვერ შეძლებს ამის გადახდას. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ ვაკვირდებოდით ამ სტანდარტების უფრო და უფრო შესუსტებას და შემსუბუქებას, რაც თავისთავად ქმნიდა მოწყვლადობას და წარმოადგენდა საფრთხეს, რათა წარმოქმნილიყო საკმაოდ დიდი პრობლემები", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები