საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის რეკორდული გაუფასურების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს მუდმივად ადევნებს თვალს და სებ-ი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თუ არსებული გაუფასურება ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს.
"შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი, პატარა ზომის ღია ეკონომიკისათვის, მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი არის დედოლარიზაცია. ანუ, იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რომ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა ასეთი სიტუაციისა. საქართველომ ერთხელ უკვ გაიარა ასეთი პერიოდი, ეს იყო 2014-2016 წლების კრიზისი და ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა, ხოლო უმუშევრობა კი არ გაზრდილა. ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი მოგესენებათ რომ არის ინფლაცია, დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გვაქვს სხვა და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას, განვახორციელებთ ამ ზომებს. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ ის კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენ სავაჭრო პარტნიორებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკის ზომაა, რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ რომ ასეთი განვითარება, გადაეცემა ინფლაციას, ჩვენ მივიღებთ ზომებს. ის რომ ეფექტური გაცვლითი კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
რა თქმა უნდა სრული სიზუსტით ამის შეფასება არის შეუძლებელი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ყველა ინფორმაციას, რომელსაც ბაზრის მონაწილეები ფლობენ, ისინი ასახავენ ამას თავიანთ მოლოდინებში და შემდეგ თავიანთ საქციელში. ჩვენ კონკრეტულ და თითოეულ ტრანზაქციას რა თქმა უნდა ვერ ვუყურებთ, ზოგადად, მე შემიძლია გითხრათ რომ მაკროეკონომიკური გარემო არის ქვეყანაში კარგი. ერთადერთი კომპონენტი არ არის ის, რაც ადრე იყო მოსალოდნელი, ეს არის სავალუტო შემოდინებები იმის გამო, რომ ტურისტების რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.
ზოგადად კურსის ფორმირებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და შეუძლებელია, რომ ამ შემთხვევაში რომელიმე ცალკე ფაქტორი გამოვყოთ. თუმცა, ყველაზე დიდი ფაქტორი რასაც ვფიქრობთ ახლა რომ ახდენს გავლენას, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ვისაურბე და ეს არის ტურისტული ნაკადების იმაზე უფრო მეტად შემცირებული რაოდენობა, ვიდრე მოსალოდნელი იყო,"- ამბობს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება, ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.952 ლარი ღირს.

























