ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისია აქტიურად მუშაობს და ექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით. მან ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის კრიტიკული შეფასების საპასუხოდ განაცხადა.
"ტრაგიკომედიურ ფასების შემსწავლელ კომისიაზე თქვენმა [ქართული ოცნების] ერთ-ერთმა წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც ოფიციალურად მილიონერია, განაცხადა, რომ ფასები შეიძლება ვერ შეამციროთ, მაგრამ თურმე კარგად იცით, როგორ გაზარდოთ ეკონომიკა თვიდან თვემდე რამდენიმე პროცენტით",- თქვა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებით გამოსვლისას.
შოთა ბერეკაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ ფასების კომისიისადმი პატივისცემის გამოხატვა მოითხოვა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები იყოს კონკურენტული და სექტორი ეფექტურად მუშაობდეს.
"მე არასოდეს მითქვამს, რომ შეუძლებელია ფასების შემცირება, პირიქით. პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას. კომისიის ფარგლებში 80-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ საქართველოში, რომლებიც FMCG სექტორში წამყვანი კომპანიებია. სრულყოფილად, დეტალურად ჩავეძიეთ პროცესებს.
ფასების კლებას რაც შეეხება, ასევე შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების, მათ შორის, რუმინული, უნგრული, ბერძნული, ხორვატიული, ფრანგული და ა.შ. 7 ქვეყნის გამოცდილება შევისწავლეთ და დიახაც, გვაქვს გეგმა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვექნება დასკვნა, კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც საბოლოო ჯამში სექტორს კონკურენტუნარიანს, ეფექტურს გახდის და მივიღებთ სისტემურ შედეგს, როგორც დანერგვისთანავე, ასევე გვაქვს გეგმა საშუალოვადიან პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება სექტორის ისე გარდაქმნა, რომ მან ეფექტურად იმუშაოს და არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა, რომელიც პროდუქციის ღირებულებას აწვება.
ასევე, ვფიქრობთ ძალიან კარგი იქნება, აღნიშნული სექტორის მონიტორინგი შევძლოთ, რადგან სექტორს ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. ძალიან გთხოვთ, ჩვენს მუშაობას პატივი ეცით, რადგანაც ჩვენ ვზრუნავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე საქართველოში ფასები იყოს ძალიან კონკურენტული და სექტორი მუშაობდეს ეფექტურად, რადგან ის განსაზღვრავს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას. კოლეგებო, თუ შეგიძლიათ პროცესში ჩაერთოთ პროაქტიურად, თუ არადა ძალიან გთხოვთ, წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებთ", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.




























