განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სასკოლო განათლების განვითარება იქნება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების კუთხითაც.
"ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განათლების განვითარების მიმართულებით. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა თუნდაც მასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების პროცესში.
უმაღლეს განათლებას რაც შეეხება, ჩვენ გვექნება პრეტენზია გავხდეთ რეგიონში მოწინავე მიმწოდებელი უმაღლესი განათლების და ევროპის ნაწილი აზიისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის, რომ მიიღონ განათლება საქართველოში", - განაცხადა მინისტრმა.
ასევე ალექსანდრე ჯეჯელვა მიიჩნევს, რომ 6 წლამდე ასაკს მიუღწეველი ბავშვების მშობლების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი არ შეიცვლება.
"მე ვფიქრობ, რომ საფუძველი გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალიან მეცნიერული და სიღრმისეული. ცხადია, რომ მშობლის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ის თავის შვილზე ზრუნავს, მეორეს მხრივ ჩვენ ვზრუნავთ სისტემაზე, რომელიც ბავშვს ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად გაზრდის", - განაცხადა მინისტრმა.

























