მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა!" - პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

ქუთაისში, გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა და თქვა, რომ ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას და ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, თუმცა იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას.

"ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ელჩებო, მოგესალმებით!

მოხარული ვარ რომ თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ევროპის დღეს აქ, ქუთაისში აღვნიშნავთ.

ისტორიულად, ქუთაისი გახლდათ ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი; ჭეშმარიტად ევროპული იდეების საამქრო.

ქუთაისი ერთდროულად არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის ქალაქი, რომელიც ინახავს შთამბეჭდავ წარსულს და ამასთანავე, ისწრაფვის სიახლისკენ.

სწორედ ეს არის ევროპა - მუდმივი სვლა განვითარებისკენ, ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების პატივისცემით.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ დიდი ისტორია. სწორედ ეს ისტორია გვახსენებს თუ „რანი ვიყავით და რანი ვართ“ დღეს: მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ღირებულებების ერთობა.

30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის.

თუმცა ჩვენ ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა! მაინც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას.

ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

დღეს, ჩვენ ხომ ისევ ერთად ყოფნას, საერთო მიღწევებსა და ისტორიას ვზეიმობთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საერთო მომავალსაც ვიზეიმებთ!

წინ საქართველო, წინ!", - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები