Majestic New York, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქართული დიზაინით, ნიუ-იორკში შექმნილ ბრილიანტის ნაკეთობებს სთავაზობს, თვიდან თვემდე 25%-მდე ზრდას აფიქსირებს - საიდან გაჩნდა Majestic New York-ის შექმნის იდეა და რა მოთხოვნას პასუხობს ბრენდი საქართველოში, ამ საკითხებზე "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის ბრენდის და კომერციული მიმართულების დირექტორი რუსო კობახიძე საუბრობს,
"ბრენდის შექმნისას დავინახეთ, რომ ნიშნობის ბეჭდების ნიშური მიმართულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. აქამდე, შეიძლება 10 წლის წინ, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი არ იყო ისეთი სიმბოლური და პოპულარული, როგორიც დღეს არის. უფრო დასავლური კულტურიდან არის წამოსული და დღეს იშვიათია ნიშნობა, სადაც ულამაზესი ბრილიანტის ბეჭდით არ არის ხოლმე მამაკაცი წარმოდგენილი. შესაბამისად გვინდოდა, ეს ნიშა აგვეთვისებინა.
ძვირფასი სამკაული საქართველოში აქამდეც აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იყო და ძალიან კარგი ნაკეთობები და არჩევანია ბაზარზე, მაგრამ უშუალოდ ნიშნობის ბეჭდების ნაწილში ჩავთვალეთ, რომ იყო ბაზარზე დეფიციტი", - ამბობს რუსო კობახიძე.
მისი განმარტებით, სწორედ პოპულარობის ზრდამ და ბრენდის ხარისხმა განაპირობა, რომ კომპანია სწრაფი ტემპით იზრდება და საქართველოში გაფართოებასაც აპირებს.
"ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან კარგად შეხვდა ჩვენი მომხმარებელი ჩვენს ბრენდს. ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად იმ ხარისხის დამსახურება, რომელსაც მართლა უკომპრომისოდ ვაკეთებთ. დღეს შემიძლია გაგიზიაროთ, რომ თვიდან თვემდე დაახლოებით 25-30%-იანი ზრდა გვაქვს. რაც ძალიან სასიხარულოა და მართლა ძალიან კარგი დაფასებაა იმ შრომის, რასაც ვდებთ ამ საქმეში. სამომავლოდ, ბუნებრივია, ამ ტემპის გაგრძელება გვაქვს გეგმაში და ახალ შოურუმებსაც დავამატებთ, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს სამკაულებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში", - ამბობს Majestic New York-ის ბრენდის დირექტორი.
ბრილიანტის ნაკეთობები დღეს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე იყიდება, მათი წარმოება კი ნიუ-იორკში მიმდინარეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი BMG-სთან აღნიშნავს, სწორედ ამიტომ, სამომავლოდ აშშ-ის ბაზარზე შესვლაც განიხილება.
"ბრილიანტის წარმომავლობა, შეიძლება, ნიუ-იორკთან არ ასოცირდებოდეს, მაგრამ ვინაიდან იმ ოსტატებთან, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ძალიან მაღალია ხარისხისა და ცოდნის დონე, შეკვეთები, რასაც ჩვენ ინდივიდუალურად ვამზადებთ, ზუსტად ვიცით, რომ უმაღლესი ხარისხით კეთდება. საქართველოში შეიძლება ეს (ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი) დღეს სიახლეა, მაგრამ ამერიკელი მომხმარებელი ძალიან გამოცდილი და კრიტიკულია. და შესაბამისად ის სტანდარტი გვინდოდა, რომ ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი.
დღეს საქართველოს ბაზარი პრიორიტეტია. მაგრამ რადგან ნიუ-იორკის მხარეს გვაქვს ძალიან ღრმა ფესვები, გვინდა, რომ ამერიკაში Majestic-ი იყოს ზუსტად ისეთივე წარმატებული, როგორიც საქართველოშია და კიდევ უფრო. შეიძლება, ეს არ იყოს მაინცდამაინც ნიუ-იორკი, სხვა ქალაქებში დავიწყოთ ამაზე მუშაობა, რომ იქაც ხელმისაწვდომი გვქონდეს ჩვენი პროდუქცია. ონლაინ მიწოდება უკვე ისედაც შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში სულ სხვა კოლექციებია პოპულარული, აქ კი სხვა. შესაბამისად ამის კარგად შესწავლა და შემდეგ უკვე იქ ამ მიმართულებით განვითარება იქნება ახლა მთავარი პრიორიტეტი", - ამბობს რუსო კობახიძე.




























