მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვინდა, ჩვენს პლატფორმაზე სადაზღვევო კომპანიების ყველა პროდუქტი განვათავსოთ” - “ფრანი” გაფართოებას გეგმავს

გიორგი აბულაძე

სადაზღვევო ბროკერი “ფრანი” ბაზარზე 6 თვეა გამოჩნდა. სტარტაპის შემქმნელების იდეაა, რომ მომხმარებელმა სასურველი სერვისი დამატებითი ხარჯის გარეშე, 3-4-წუთიან პერიოდში მიიღოს.

კომპანიის სამომავლო გეგმებსა და პირობებზე  "ფრანის" დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი აბულაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ჩვენ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ერთი პროდუქტით, რომელიცაა - სამოგზაურო დაზღვევა, ვთანამშრომლობთ 12 სადაზღვევო კომპანიასთან და მომხმარებელს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ კონკრეტულ სადაზღვევო პროდუქტს. პლატფორმაზე ხდება კითხვარის შევსება, სადაზღვევო კომპანიის არჩევა და პროდუქტის შეძენა, პროცესი ისეთივეა, რაც ნებისმიერი სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას იქნებოდა, განსხვავება ისაა, რომ ჩვენთან ამის გაკეთება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი”, - დასძინა მან.

ამასთან, დამფუძნებელმა B2B პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ფრანი" სადაზღვევო კომპანიებს პროდუქტის გაყიდვაში ეხმარება და მომხმარებელი პლატფორმაზე დამატებით არანაირ საკომისიოს არ იხდის.

“მომხმარებელი იხდის იმდენს, რამდენის გადახდაც სადაზღვევო კომპანიაში მოუწევდა, ჩვენ სადაზღვევო კომპანიებთან ორი მიმართულებით ვთანამშრომლობთ, გვაქვს როგორც პირდაპირი ინტეგრაცია, ასევე ვართ პლატფორმა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს, რომელსაც ციფრული პროდუქტები განვითარებული არ აქვს, პლატფორმის მეშვეობით პროდუქტის გაყიდვაში ეხმარება”, - აღნიშნა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, აბულაძე აღნიშნავს, რომ კომპანია წლის ბოლომდე კიდევ სამ პროდუქტს დაამატებს პლატფორმაზე.

“გვაქვს სურვილი, რომ სადაზღვევო კომპანიების ყველა არსებული პროდუქტი განვათავსოთ ჩვენს პლატფორმაზე, წლის ბოლომდე დავამატებთ ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას, გვექნება სამოგზაურო დაზღვევა არარეზიდენტი ვიზიტორებისთვის და ამასთან, დავამატებთ ჯანმრთელობის დაზღვევასაც, ამ ყველაფრის დამატება 2023 წლის ბოლომდე გვინდა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ”, - თქვა მან.

ცნობისთვის: სადაზღვეო ბროკერი “ფრანი” 2023 წელს დაფუძნდა და მისი გუნდი 13 ადამიანისგან შედგება, კომპანია დაახლოებით 400 000 ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. პლატფორმის გამოყენება მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში შეუძლია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები