კოსმეტიკის ბრენდი „ეიფორია“ ექსპორტზე გასვლაზე მუშაობს - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანა სულაბერიძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ძალიან გვინდა ექსპორტზე გასვლა, მაგრამ ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა, კოსმეტიკის სფეროში, კონკრეტულად სერტიფიცირების თვალსაზრისით ბევრი სირთულეა, სახელმწიფო არ არის დიდად დაინტერესებული ამ ნაწილით, ამიტომ ვმუშაობთ, რათა ყველაფრის სერტიფიცირება მოხდეს და სამომავლოდ უპრობლემოდ გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე“, - განმარტა დამფუძნებელმა.
ამასთან, Bm.ge-თან სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ანა სულაბერიძე აღნიშნავს, რომ გეგმაშია საერთაშორისო გამოფენებზე გასვლაც: „აქამდე გამოფენებს უბრალოდ ვესწრებოდით, ბრენდის სახელით მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ახლო მომავალში კომპანია მესამე ფილიალსაც გახსნის.
„წელს ვაკეში მეორე ფილიალი გავხსენით, სამომავლოდ აუცილებლად გვინდა გაფართოება, ვფიქრობთ მესამე ფილიალის გახსნაზეც“,- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ბრენდი „ეიფორია“ მეექვსე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს ხელნაკეთ, ნატურალურ ტანისა და თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. კომპანია პროდუქტს თბილისში აწარმოებს და 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პროდუქციის შეძენა ორ ლოკაციაზე, სავაჭრო ცენტრ „გალერეასა“ და „აქსის თაუერშია“ შესაძლებელი.