,,ჩვენი აქცენტია, რომ მოვახდინოთ გეოგრაფიის დივერსიფიცირება. ჩვენ გვინდა, მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა იქით, რომ ევროპის კონტინენტიდან მოვიზიდოთ ინვესტიციები", - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი და ადმინისტრატორი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა.
ნიბლაძის თქმით, ამ კუთხით კომპანიას უკვე აქვს კონკრეტული მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორებთან.
,,ჩვენი აქცენტია, რომ მოვახდინოთ გეოგრაფიის დივერსიფიცირება. ჩვენ გვინდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა იქით, რომ ევროპის კონტინენტიდან მოვიზიდოთ ინვესტიციები. პირველი, ჩვენი მიზანია, თიზ-ს ჰქონდეს როლ მოდელი. ამის ამბიცია და საფუძვლები გვაქვს, რომ წავიწიოთ ახალი საფეხურისკენ, სადაც განსხვავებულია სერვისი, კომფორტი და მიდგომები. ჩვენ ვცდილობთ, ვიფიქროთ ინვესტორის მენტალიტეტით.
მე, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარე მოლაპარაკება იტალიელებთან დასრულდება წარმატებით და კონტრაქტის გაფორმებით. ეს არის, მილანელი ინვესოტრების ჯგუფი, რომლებიც საოჯახო, ძალიან საინტერესო ბიზნეს საქმიანობას ეწევიან" - ამბობს ბიზნესმენი.
სოსო ნიბლაძის თქმით, გლობალური მოვლენების გამო, გრძელდება ტენდენცია, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კომპანიებს წარმოება აღმოსავლეთ ევროპაში გადააქვთ. ამ პროცესში კი, მათი კომპანიის მიზანი, პირადი კავშირებით და სანდო რეპუტაციით ინვესტიციების მოზიდვაა.
,,გვერდზე უნდა გადავდოთ, რას ვქმნით ჩვენ და რისი ამბიცია გვაქვს. უნდა შევხედოთ მათი (ინვესტორების) თვალით. რა თქმა უნდა, ამ ბოლო დიდი მოვლენებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კოვიდსა და რუსულ აგრესიას უკრაინაში, გაძვირდა და რთული გახდა ევროპულ ქვეყნებში ოპერირება. მათ შორის, ფასები გაიზარდა ენერგომატარებელზე. გამოკვეთილია ინფლაციური ეფექტები, რაც აძვირებს თვითღირებულებას და ეს ქვეყნები იწყებენ ყურებას აღმოსავლეთით. ტენდენცია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქტიურად გადააქვთ წარმოება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გრძელდება. აქ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირადი კავშირები, როგორც ცნობადობის, ასევე იმიჯის თვალსაზრისით. როცა შენ ცდილობ შექმნა კარგი პლატცდარმი, ეს არ რჩება შეუმჩნეველი", - თქვა სოსო ნიბლაძემ.