საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის, keepz-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მარიამიძის განცხადებით, კომპანიას სურს, პირველ რიგში რეგიონში გაფართოვდეს, ხოლო მოგვიანებით ევროკავშირის და სხვა მიმართულებებითაც აქვს გეგმები.
როგორც მარიამიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა, კომპანიას უკვე შერჩეული ჰყავს პარტნიორი თურქეთში, ვისთან თანამშრომლობასაც გეგმავს.
„გვინდა, პირველ რიგში რეგიონში გავფართოვდეთ. თურქეთში უკვე შერჩეული გვყავს პარტნიორი, ვისთან ერთადაც ვაპირებთ ოპერირებას. გარდა ამისა, ჩვენს გეგმებშია თურქეთი, ასევე ჩვენი რეგიონი, ცენტრალური აზია და ევროკავშირი. საქართველო პატარა ღია ეკონომიკაა და ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ძალიან კარგი, მოსახერხებელი პლატფორმა იმისთვის, რომ განავითარო პროდუქტი, რაღაცა ახალი შექმნა, დადო წარმატების ისტორია და მერე უკვე გაფართოვდე ამ მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოს ბაზარმა დაიმკვიდრა სახელი, როგორც პლატფორმამ“, - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.
გარდა ამისა, მარიამიძემ ისაუბრა გადახდის მეთოდებზე, რომელსაც keepz იყენებს.
„QR არის საშუალება, რომელიც ანაცვლებს ტერმინალს. QR -ზე დანათების შემდეგ ჩვენ ვიძლევით გადახდის რამდენიმე საშუალებას, ესენია გადახდა Apple pay-თ, google pay-ით, ბარათის კოდის შეყვანით, ბარათით გადახდა, კრიპტო აქტივის საშუალებით გადახდას და ახლა უკვე ღია ბანკინგის საშუალებით გადახდა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია სისტემა. ინტეგრირებული ვართ კომერციულ ბანკებთან საქართველოში და არამარტო. ვაშენებთ ეკოსისტემას - ანუ ჩვენთან დაინტეგრირება შეუძლია ყველას და მერე უკვე ყველას შეეძლება ერთმანეთთან საუბარი. როცა შევდივართ და ვყიდულობთ ყავას. keepz-ის საშუალებით ყავის გამყიდველს შეგვიძლია ჩვენი ბანკის ანგარიშიდან ანგარიშზე დავუსვათ თანხა და თავიდან ავიცილოთ შუამავლების პროცესინგი, რაც აძვირებს გადახდის სერვისს“, - განაცხადა მარიამიძემ.