საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი დროულად აშენდეს.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი კიდევ ერთხელ შეცვალა. მისი თქმით, პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო პორტის 100%-იან მესაკუთრედ დარჩება, თავად დააფინანსებს და ააშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო ნავმისადგომებსა და ტერმინალებს სხვადასხვა კერძო ოპერატორზე იჯარით გასცემს.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა გივი თხელიძემ BMG-ის განუცხადა, ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით დიდი პოტენციალია.
მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას უკავშირდება, ლოგისტიკის დარგის მხრიდან დადებითად ფასდება.
“ძალიან დიდი ხანია ვგულშემატკივრობთ ანაკლიის პორტის მშენებლობას და ასევე ფოთის პორტის განვითარების პროექტს, რათა ჩვენ გვქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთი. შესაბამისად, ის დაანონსებული ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტი აშენდება ამა თუ იმ პირობით, “ლენდლორდის” პრინციპით, შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ.
ამდენი ხანი გვესმოდა სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა მხარის ჩართულობის შესახებ ამ მშენებლობაში, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გვინახავს. შესაბამისად, ჩვენ მაინც დადებითად ვაფასებთ ამ განცხადებას და რაც შეიძლება მალე გვინდა, რომ მოხდეს ეს მშენებლობა და გვქონდეს ექსპედიტორებს არჩევანი, ვიმუშაოთ ერთ ადგილას, მეორე ადგილას, მესამე ადგილას... ეს იქნება ანაკლია, ფოთი თუ რომელიმე სხვა პორტი.
ანაკლიის პორტს ყველა ექსპედიტორი ყოველთვის გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს, ასევე ფოთის [პორტის] განვითარების პროექტიც გვინდოდა რომ ყოფილიყო. ექსპედიტორები არ არიან კონკრეტულ ერთ პორტს ან ერთ გადამზიდს მიმაგრებული. ექსპედიტორებს აქვთ ფართო არეალი, რაც შეიძლება მეტს ემუშაონ და ზოგადად კარგი პრაქტიკაა, რაც უფრო მეტი შესაძლებლობაა და მეტი ინფრასტრუქტურაა, კონკურენციაც უფრო მეტია და კონკურენცია კი ყოველთვის კარგად მოქმედებს. ინდუსტრიაზე.
ტვირთნაკადები იზრდება, ცენტრალური აზიიდან მომავალი, ასევე ცენტრალური აზიისკენ მიმავალი ტვირთები საკმაოდ ბევრია, ამიტომ ანაკლიის პორტის საჭიროებას ვხედავთ. [ანაკლიის პორტი უკვე რომ ყოფილიყო], რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტს [ტვირთს] გადავამუშავებდით და კიდევ უფრო კარგ სერვისს შევთავაზებდით ჩვენს კლიენტებს, მაქსიმალურად შევეცდებოდით ახალი ტვირთები მოგვეძიებინა. შესაბამისად, როდესაც [აშენდება ანაკლიის პორტი], გაგვეხსნება ხელ-ფეხი, რომ [კლიენტებს] უფრო დიდი რაოდენობის ტვირთის დამუშავება შევთავაზოთ”, - განაცხადა გივი თხელიძემ.




























