BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" მოგების ესტონური მოდელის ქველმოქმედების დაბეგვრის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრინციპულად არაფერი იცვლება, თუმცა დეტალები გადასახადის გადამხდელებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მისივე თქმით, კითხვები იმიტომ ჩნდება, რომ კომპანიების გაწეული ხარჯები, რომლებსაც გასულ წელს მოგება არ ჰქონდათ ან სტარტაპები არიან, მთლიანად მოგების გადასახადით დაიბეგრებიან.
"ქველმოქმედების დაბეგვრასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცვლება, თუმცა, არის გარკვეული დეტალები, რაც გადასახადის გადამხდელმა მხედველობაში უნდა მიიღოს. მაგალითად, თუ ადრე დაბეგვრა ისე მოქმედებდა, რომ წლის განმავლობაში შემოსავალს ხარჯებს გამოვაკლებდით და რაც დაგვრჩებოდა იმის 10%-ის ფარგლებში შეგვეძლო ქველმოქმედების გაწევა, ეს ხარჯებში გამოქვითვას დაექვემდებარებოდა, ანუ მოგების გადასახადს შეამცირებდა. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ეს 10% წინა წლის წმინდა მოგებიდან ითვლება. კითხვა იმიტომ წარმოიშვება, რომ ისეთი ორგანიზაციებისთვის, ვისაც გასულ წელს მოგება არ ჰქონდა, ან დამწყები ორგანიზაციებია, ამ შემთხვევაში გაწეული ხარჯები მთლიანად მოგების გადასახადით დაიბეგრება. ეს არის პრინციპული სხვაობა. ობიექტურად რომ ვთქვათ, სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან ახლა შეიცვალა მოგების გადასახადის დაბეგვრის დროც, რაც ყოველი თვის ჭრილში ხდება"-აცხადებს ლალაზაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიები, რომლებსაც გასული წლის დეკლარირება ჯერ არ გაუკეთებიათ და არ იციან, რამდენია მათი მოგება გაურკვევლობაში არიან.
"ახალი მოდელით წამოჭრილი პრობლემებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ იმისათვის, რომ გადამხდელმა 2017 წლიდან მხოლოდ დივიდენდიდან გადაიხადოს გადასახადი, გასულ წელს უკვე დაგროვილი უნდა ჰქონდეს მოგება, თუ კომპანიას წინა წლის დეკლარირება რომ ჯერ რ გაუკეთებია და შესაბამისადჰ არ იცის მოგება რამდენი მიიღო, გამოდის, რომ თუ 1 აპრილამდე თუ არ წარადგენს გაურკვევლობაში იქნება. ზოგი მოგების და დივიდენდის გადასახადს ხელახლა იხდის იმ იმედით, რომ 1 აპრილს 2016 წელს დააკორექტირებენ, ზოგიერთი კომპანია კი უბრალოდ თავს იკავებს ამ პირობებში დივიდენდის გაცემისგან"-აღნიშნა ლალაზაშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ ყველაფრის პრაქტიკაში დახვეწას კიდევ რამდენიმე თვე დაჭირდება.
"ჩვენ გვინდა, რომ შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია დროულად მოგვაწოდოს. სამუშაო რეჟიმი მიმდინარეობს, რომელშიც გარკვეულწილად ჩვენც ვართ ჩართული, მაგრამ ბიზნესი რაც უფრო გვიან გადააწყობს ოპერაციებს, მით უფრო რთული იქნება. ძალიან ხშირად როდესაც ასეთი ცვლილებების განხორციელება ხდება, ეს მიუღებელია, რადგან კომპანიებმა ჯერ უნდა გაიგონ და ყველა ინსტრუქცია დადებული უნდა იყოს. ჩვენთან კი ასე არ ხდება. ის თემები, რომლებიც ჩვენ დავსვით კვლავ ღიაა. უცხოურ კომპანიებს ფილიალის სტატუსით ან მუდმივი დაწესებულების სტატუსით საქართველოში წარმოდგენილი ჰყავდათ ორგანიზაციები. ასეთი ორგანიზაციები თავისი ბუნებიდან გამომდინარე დივიდენდიდან არ იხდიდნენ და თუ ადრე 15%-ის დაბეგვრის ვალდებულება იყო, ახლა გამოდის, რომ 20% უნდა დაიბეგროს. ეს ერთ-ერთი თემაა, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს", -ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

























