უახლოეს ხანებში გვექნება მთავრობაში განხილვა და მოსახლობას გავაცნობთ ახალი აეროპორტის განვითარების მოდელს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებებია შესული, მათ შორის დაინტერესებული არიან, რომ ახალი აეროპორტის პროექტში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვნად იყოს წარმოჩენილი.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იყო კითხვა რომელზეც მოგახსენეთ რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარდა აზიის განვითარების ბანკთან ერთად. ჩვენ წინასწარი შეფასებები მივიღეთ, რომელზეც ჩვენმა ანალიტიკურმა გუნდმა დაიწყო მუშაობა, გარკვეული კორექტირება შევიტანეთ.
უახლოეს ხანებში გვექნება მთავრობაში განხილვა და მოსახლობას გავაცნობთ ახალი აეროპორტის განვითარების მოდელს. ეს არის ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი და ასევე, ხელს უწყობს ტურიზმს და მეტ დაკავშირებადობას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ფორმით განვითარდება აეროპორტი, დღეს ისეთი ხელშეკრულება გვაქვს სადაც სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვნად იყოს წარმოჩენილი აეროპორტში, რათა ავიაციის პოლიტიკა იყოს უფრო მეტად შედეგიანი და სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაში“, - განაცხადა მან.
მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, თბილისში, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.