“გვინდა სკოლებში შევიდეთ”, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ოშხნელმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე 100 სკოლაში შესვლა იგეგმება, სადაც კოლეჯის წარმომადგენლები სკოლადამამთავრებელ მოსწავლეებს პრეზენტაციას წარუდგენენ.
“გვინდა, რომ სკოლებში შევიდეთ და მათთან ვიმუშაოთ. ვფიქრობთ 100 სკოლას მოვასწრებთ. ამ სკოლებისთვის უკვე განვსაზღვრეთ გუნდი, რომელიც პრეზენტაციებზე იმუშავებს. მაქსიმალურად გვინდა, რომ ჩვენ კოლეჯში წლევანდელი სკოლადამამთავრებლები მოვიზიდოთ. ჩვენ 6 პროგრამაზე უნდა მივიღოთ სტუდენტები, რომლების განახლებაზეც 1 წელზე მეტია ვმუშაობდით” , - ამბობს ზურაბ ოშხნელი.
მისივე ინფორმაციით, 28 აპრილს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აპლიკანტების რეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 20 მაისამდე გასტანს.