მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღვინის დარგის მართვაში კერძო კომპანიების კომპეტენციის გამოყენება გვსურს"

5b5afa70e424d
მაია ბიწაძე
27.07.18 15:00
525
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც მეღვინეობის სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და მის მართვაში უფრო აქტიურად ჩაერთოს კერძო სექტორი. ამ მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ტრანსფორმაციას განიცდის. მისი განმარტებით, ახალი ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოს ნაცვლად ჩამოყალიბდება, სახელმწიფოს გარდა დაკომპლექტებული იქნება კერძო სექტორის წარმომადგენლებით, რომელთა კომპეტენციაც საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ მინისტრმა ,,საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

,,ეს არის რეფორმა, რომელიც ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ. FAO-სთან ერთად ჩავატარეთ მნიშვნელოვანი კვლევა, მოვიწვიეთ ძალიან გამოცდილი ექსპერტი, მათ შორის ახალი ზელანდიიდან. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ღვინის სექტორში მოკლე პერიოდში წარმატების ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა. ჩვენ გვინდა რომ ორგანიზაციაში, რომელიც ამ სფეროს მართავს, იყოს დარგის უფრო მეტი ჩართულობა. ამჟამად გადაწყვეტილებები, რა თმა უნდა, ღვინის სექტორთან თანხმდება, გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია, მაგრამ ეს კეთილ ნებაზე უფროა დაფუძნებული. გვინდა, რომ ეს უფრო სისტემური იყოს, დარგი იყოს თანამონაწილე გადაწყვეტილებების მიღების დროს და მათ შორის პასუხისმგებელიც“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციები მიდის.

,,ეს არის დარგი, რომელიც საკმაოდ ძლიერია და დიდი კომპეტენცია გააჩნია. არიან კომპანიები, რომლებიც დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული სტატუსით წარმოდგებიან და ვფიქრობთ, რომ მათი კომპეტენცია მნიშვნელოვნად იყოს გამოყენებული სექტორის მართვაში.

ეს შეთავაზებები დარგს გავაცანით და ვფიქრობ, რომ მიიღებენ. ესეთი მოდელი არსებობს ბევრ ქვეყანაში, ძირითადად კერძოა ხოლმე ასეთი ტიპის ორგანიზაციები. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ კერძო და საჯარო თანამშრომლობის ვერსიას. ასეთი ფორმის ორგანიზაციები არსებობს საფრანგეთში, ავსტრიაში და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს იქნებ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ უფრო უკეთესად იმართოს დარგი.

ჩვენ რაღაც შედეგები გვაქვს, მაგრამ ალბათ დადგა ეტაპი, როდესაც ახალი დინამიზმი უნდა შემოვიტანოთ ღვინის სექტორის განვითარებაში. პირველადი ამოცანები ალბათ შევასრულეთ, ახლა უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგას დარგი და ალბათ სახელმწიფო და კერძო სექტორი გაერთიანებული ძალებით უნდა მოღვაწეობდეს ამ მიზნისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები