მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტი: რა რაოდენობის ღვინო გაიყიდა საზღვრებს მიღმა 2021-ში?

61e5267d040ab
მარიამ ვარადაშვილი
17.01.22 22:00
3974
გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. სააგენტოს თანახმად, 2021 წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი 359%-ით აღემატება 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელს.

2012 წელს, საქართველოდან მხოლოდ 23 მლნ ღვინის ბოთლი იყო ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი. გარდა ღვინისა, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 554%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით (ექსპორტირებული იყო მხოლოდ 6 მლნ ბოთლი).

სააგენტოს ინფორმაციითვე, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 78,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 19%). 2012 წელს, ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 20 მლნ აშშ დოლარი იყო.

2021 წელს ექსპორტირებულია 1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა; ექსპორტის ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 145% შეადგინა, ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 622%-ია (2012 წელს, 145 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა). 2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126% შეადგინა. 2012 წელს, ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 584 ათასი აშშ დოლარი იყო.

ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი 34% (7 003 031), ჩინეთი 29% (5 934 937), აშშ 19% (1 084 278), გერმანია 28% (892 348), ლატვია 19% (1 900 519), ლიეტუვა 45% (986 740), იაპონია 12% (197 638) და დიდი ბრიტანეთი 71% (736 391). ყველაზე მეტი მოცულობის ღვინო - 62 115 759 ბოთლი რუსეთში გავიდა.

“2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როცა, 2012 წელს, მხოლოდ 120 კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა ღვინის ექსპორტი განეხორციელებინა”, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით, რაც 163 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები