მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა „“როსპოტრებნადზორი“ ღვინის რიგ პარტიებს იწუნებს. როგორც bm.ge-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, მათთან ოფიციალური რუსეთისგან ინფორმაცია აგვიანებს, თუმცა კომპანიებისგან იციან, რომ ერთეულ შემთხვევებში უკვე მოხდა ქართული ღვინის დაწუნება და შესაბამის პარტიებს გარკვეული პროცედურების შემდეგ საქართველოში გამოაბრუნებენ.
როგოც მეხუზლა ამბობს, ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია, ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს მიმართავს.
წელს უწყების ბიუჯეტი ამ მიმართულებით 6 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, მომავალ წელს და მარკეტინგულ ღონისძიებებზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯება. განსაკუთრებული აქცენტი კი აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით გაკეთდება.
"რუსულ ბაზარზე ჩვენ მარკეტინგული კამპანია არასდროს გვქონია და არც გვექნება. 2014 წლის მერე ექსპორტი სხვა ქვეყნებში რუსეთის გარდა სტაბილურად მზარდია. რეალურად ამ ღონისძიებებს მოაქვს შედეგი. აქამდე შეზღუდული რესუსრებიდან გამომდინარე ვმუშაობთ ძირითადად დისტრიბუტორებზე, რომლებსაც აქვთ გავლენა მომხმარებლებზე. გვინდა მომავალი წლიდან გავზარდოთ მომხმარებელზე წვდომა და მარკეტინგული ღონისძიებები.
ამ წელს ბიუჯეტი იყო 6 მილიონ ლარზე მეტი, მომავალ წელს გაიზრდება 9 მილიონ ლარამდე საშუალოვადიანი გეგმით. ამასთან იმედია ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას, რადგან უცხოუ ბაზრებზე გვიწევს უცხოურ ვალუტაში მუშაობა და ლარის გაუფასურება გვიქმნის ხოლმე პრობლემას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში აშშ-ს ბაზარი, პოლონეთი, ვფარავთ ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, როგორიცაა ბალტიისპირეთი და ჩეხეთი. ინგლისი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, რაც მოიცავს ჩინეთს, კორეას და იაპონიას. ამ ბაზრებზე ვმუშაობთ კიდევაც, მაგრამ აშშ-ს მიმართულებით ვგეგმავთ მკვეთრად გაზრდას ბიუჯეტის და ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე ვიწყებთ მუშაობას, როგორიცაა შვედეთი სკანდინავია, ჰოლანდია და დანია“-აცხადებს ლევან მეხუზლა.

























