"ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონში 2002 წელს არის შესული, ამიტომ ის თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს. სავალდებულო ხდება ყველა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ამის გარეშე ღვინოები ექსპორტზე აღარ გავა, - თემის დეტალებით "საქმის კურსთან" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.
-ბატონო გიორგი, რა არის სიახლე ბიზნესისთვის, რა იცვლება?
-„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს მთავრობამ მოამზადა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართული იყო. ცოტა მოვლენებს რომ გავუსწროთ დეგუსტაციის გარეშე ღვინო იმ შემთხვევაში არ გავა, თუ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს. ასე, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნულზე ვმუშაობთ და დეგუსტაციის ნაწილი საინტერესოა. ზოგადად კანონპროექტი წელიწადზე მეტია, რაც მომზადებულია, თუმცა, ის, რომ ყველა საექსპორტო ღვინო გაისინჯოს - დეგუსტაცია გაიაროს, ეს მოსაზრება კერძო სექტორიდან მოდის, ანუ ამ შემთხვევაშიც ინიციატორი კერძო სექტორია. მათ ცვლილებების პაკეტში აღნიშნული მუხლის დამატება გვთხოვეს, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო დაეთანხმა, რამდენადაც დღეს ექსპორტზე გასული ღვინოებიდან მხოლოდ 30% გადის დეგუსტაციას. კანონპროექტი პარლამენტს მივაწოდეთ, თუმცა, აქაც იყო აზრთა სხვაობა.
-ისინი აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტორის გამო შესაძლოა მათი სამუშაო პროცესი გართულდეს...
-ზოგადად ექსპორტირებული ღვინის მწარმოებელთა დიდი ნაწილი არის აღნიშნული ცვლილების ინიციატორი, თუმცა, მცირე მწარმოებლებმა შიში გამოხატეს, რომელთა ხარისხი ცოტა განსხვავებულია მიღებული ხარისხისგან და ესეც გავითვალისწინეთ და პარლამენტში მეორე მოსმენით უკვე შესწორებული ვარიანტი გავა, სადაც მცირე მწარმოებლები, რომლებიც სხვადასხვა დანამატებს არ იყენებენ და სხვა წესებით აყენებენ ღვინოებს, ასეთი ღვინოები კანონიდან შესაძლოა გამოირიცხოს. იმედია, დარგის დაკვეთას პარლამენტიც დაუჭერს მხარს იმ გამონაკლისით, რომ არ დაზარალდეს არც მცირე მწარმოებელი და ზოგადად ხარისხი უკეთესი იყოს.
-მთლიან ექსპორტში ჩამოსასხმელი ღვინოების წილი რა არის?
-გასულ წელს ეს ჩვენი ექსპორტირებული ღვინის 50 მილიონი ბოთლის ფონზე უხეში გათვლით 1%-ზე ცოტა მეტი გამოდის, დაახლოებით 512 ლიტრი ღვინო.
-საექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება, რა არის წლევანდელი მარკეტინგული გეგმა და შესაბამისი ხარჯები?
-ჩვენ მივყვებით იმ სტრატეგიას, რომელიც შევიმუშავეთ ოთხი წლის წინ. სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე შეთანხმებულია კერძო სექტორთან წელსაც ითვალისწინებს ძირითად სტრატეგიულ ბაზრებზე მუშაობას, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი და აზიის მიმართულებას ჩინეთს წელს უკვე იაპონიაც ემატება. წელს 15-მდე ერთობლივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ქართულმა ღვინის კომპანიებმა, ანუ ერთიანი ბრენდის ქვეშ, რომელიც ბევრ ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში ჩატარდა. დიდი ბრიტანეთში ორი გამოფენა იყო და მესამე ძალიან მალე იქნება. გამოფენები გაგრძელდება, თუმცა, გარდა ამისა, ბევრ საშუალებას ვიყენებთ და ქართული ღვინის ცნობადობას ეს ეტყობა.
-უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ბაზრის წილი მაინც ლიდერობს საექსპორტო მაჩვენებლებში, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი სარისკოა?
-რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი ბაზრის დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება. ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, აფასებენ და ათწლეულებია მოიხმარენ - უკრაინა, რუსეთი, ყახაზეთი, ბელორუსია და ახალი ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს ჯერ კარგად არ იცნობენ და საქართველოც კი ნაკლებად არის მათთვის ცნობილი, მაგალითად ჩინეთი, აშშ და სხვა. თუ ჩვენ მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს შევადარებთ, იგი მზარდია და არა მხოლოდ ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, არამედ ახალი ბაზრების მიმართულებითაც. ჩინეთის ბაზარზე ფაქტობრივად გარღვევა იყო და იგი ახლა მეორე ადგილზეა ამ მიმართულებით. სიაში რუსეთი ნამდვილად პირველ ადგილზეა, თუმცა მეორე ადგილს ახალი ჩინეთის ბაზარი იკავებს, სადაც 6-7 წლის წინ ექსპორტი ფაქტობრივად არ იყო. მესამე პოზიციაზე ტრადიციული უკრაინის ბაზარია და მეოთხეზე უკვე პოლონეთია, სადაც დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყეთ ღვინის ექსპორტი. ამას მოსდევს ბელორუსი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია და აშშ. ტენდენცია პოზიტიურია, თუმცა, უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, რომ დივერსიფიცირება, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა დავიწყეთ კიდევ უფრო ნაყოფიერად წარიმართოს.
-უახლოეს პერიოდში რომელ ქვეყნებში აპირებთ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას?
-ქართული ღვინო ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღებს მონაწილოებას და იმ მიმართულებებზე, რაც ჩამოვთვალეთ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბაზარიც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ შაბათ-კვირას თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი იქნება, რომელიც უმნიშვნელოვანესი და წარმატებულია. ასევე ივნისის დასაწყისში ღვინის გამოფენა"ვაინ ექსპო" გვექნება. ასე, რომ მაისი და ივნისი საქართველოშიც დატვირთულია.
-რადგან ექსპორტი იზრდება, ხომ არ ფიქრობთ, რომ სუბსიდირების საკითხი აღარ დადგება?
-რთველის წარმატებით ჩასატარებლად ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია, დაახლოებით 30 მილიონამდეა გამოყოფილი, თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს თანხა ბოლომდე ავითვისოთ. ვფიქრობთ, რომ ექსპორტის ტენდენციებიდან გამომდინარე ჩარევა წელს გაცილები ნაკლებად მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპორტის ციფრებიდან გამომდინარე და მოსავლის მიხედვით უფრო ცალსახად ვიტყვით.

























