მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღვინის ეროვნული სააგენტოს რეფორმის დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი"

5b598cb7a1c31
მაია ბიწაძე
26.07.18 12:55
648
თუ რა სქემით მოხდება ქართული მეღვინეობის განვითარება, წლის ბოლოს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ღვინის ეროვნული სააგენტოს რეფორმაზე. საუბარია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

,,განიხილება ღვინის ეროვნული სააგენტოს რეფორმა, რომელიც ამჟამად 100%-ით სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. 2012 წლიდან დღემდე ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის სააგენტოსა და ღვინის ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მარკეტინგული ბიუჯეტების დაგეგმვაში და ღვინის ცნობადობის გაზრდის საკითხებში სახელმწიფოსთან ერთად, უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავად დარგი. მთელი მსოფლიოს მეღვინეობა მსგავსი მმართველობით უფრო წინ წავიდა, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოს მართვით“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე კარგა ხანია მიდის. სოფლის მეურნეობის სმინისტრომ და FAO-ს პროექტმა მოიწვიეს რამდენიმე ექსპერტი, მათ შორის არის ახალ ზელანდიელი, კატეგორიის სპეციალისტი, რომელიც რამდენიმეჯერ შეხვდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

,, უცხოელმა ექსპერტებმა თავიანთი ნამუშევარი უკვე დადეს და სამუშაო ჯგუფი განიხილავს მას, რომელშიც ჩართული არიან იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, სახელმწიფოს და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენი სპეციფიკიდან, ადგილწარმოშობებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე რომელიმე უცხოური მოდელის პირდაპირი კოპირება არ არის მიზანშეწონილი. უცხოელ ექსპერტებს წარმოდგენილი ჰქონდათ ახალ ზელანდიური, ავსტრალიური, ავსტრიისა და კალიფორნიის მაგალითები და ამ მაგალითებიდან ჩვენ საუკეთსო გამოცდილებას გავიზიარებთ“ - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი სტრუქტურა, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჩაანაცვლებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივ პასუხისმგებლობაზე იქნება დაფუძნებული.

"რეალურად ამ რეფორმის შედეგი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იყვნენ პასუხისმგებელნი, როგორც მარკეტინგულ ქმედებებზე, ისე სარეგულაციო საკითხებზე, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის შემუშავებაზე, რაც ქართული მეღვინეობისთვის რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს არ იქნება იოლი და დაახლოებით 2-3 წლიანი გარდამავალი პერიოდი დასჭირდება. ამ უწყების მიერ შემუშავებული იქნება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელსაც შემდეგ პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ვინ შევა კონკრეტულად ამ უწყებაში ჯერ-ჯერობით მსჯელობის საგანია, თუმცა გათვალისწინებული იქნება როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი მწარმოებლების ინტერესი.

"სახელმწიფოც, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება ამ სქემაში, მაგრამ ის ერთპიროვნულად აღარ გადაწყვეტს, ფული რომელიც გამოყოფილი იქნება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე, როგორ დაიხარჯება; წარმატებაც ერთობლივი იქნება და წარუმატებლობაც, ასე რომ, ამ სტრუქტურის შექმნით, საკმაოდ პროგრესული ნაბიჯი იქნება გადადგმული ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის“ - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები