ღვინის სახელმწიფო საწარმო გლეხებისგან ყურძნის შეძენას განაგრძობს
თამუნა დემეტრაშვილი
08.10.18 16:31
• 915
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმო ,,აკურა“ კახეთში გლეხებისგან ყურძნის ჩაბარებას განაგრძობს. როგორც bm.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტეფნაძემ, აცნობა, ამ დროისთვის მიღებულია 27 ათას ტონამდე მოსავალი, რაშიც დაახლოებით 27 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხაში შედის, როგორც უშუალოდ ყურძნის, ისე მისი ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და დასაწყობების ფასიც. შეგახსენებთ, რომ ,,აკურამ“, შესყიდვების სააგენტოსაგან, უფლება მიიღო 30 მილიონი ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული წესით შესყიდვები, რაც რთველის პერიოდს უკავშირდება. ,,აკურაში“ bm.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის და მას არ შეიძლება სახელმწიფო სუბსიდია ეწოდოს. ,,ეს კომპანიის თანხებია- შემოსავალი, რომელიც ,,აკურამ“ წინა წლებში პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღო და ყურძნის შესაძენად სწორედ ეს ფული იხარჯება. რთველი სავარაუდოდ კიდევ 1 კვირას გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი შესყიდვები დაგეგმილ 30 მილიონ ლარს არ გასცდება“-აღნიშნა ქარხნის დირექტორმა. ალექსანდრე სტეფნაძის თქმით, გლეხებს თანხას, მოსავლის ჩაბარებიდან 15 დღეში უხდიან. შეძენილი მოსავლიდან ნაწილს ღვინო-მასალების საწარმოებლად, ნაწილს კი სპირტის გამოსახდელად გამოიყენებენ, მოგვიანებით კი პროდუქციის რეალიზაცია მოხდება.