მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის სოფელში“ მიწის ფართების 75% უკვე გაყიდულია - რა ეტაპზეა პროექტი?

61fc1eba3a972
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.22 00:15
3611
ყვარლის მუნიციპალიტეტში მშენებარე თანამედროვე „ღვინის სოფელში“ მიწის ნაკვეთების 75%-ს უკვე კერძო მესაკუთრე ჰყავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის BEGA Project-ის დამფუძნებელმა და ეთნოსოფლის პროექტის ავტორმა, გიორგი ბეგაძემ განუცხადა.

პროექტი, რომლის განხორციელება 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ჯამში 50 სახლის აშენებას და საჭირო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. გიორგი ბეგაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის ეთნოსოფელში მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო ვილების მშენებლობა მიწის მესაკუთრეების სურვილის მიხედვით მოხდება.

„პროექტს დაემატა საერთო მოხმარების ღია აუზი, რომლის მოწყობაც დაწყებულია, ასევე საკალათბურთო მოედანი და სპორტული ინფრასტრუქტურა. ორივე ქუჩაზე განათება გაკეთებულია. მიმდინარეობს მეორე ქუჩის მოწყობის სამუშაოები. ვენახები გაშენებულია და და პირველი ნიშანი ვაზმა 2021 წელს უკვე მოგვცა. 2022 წლის ბოლოს მთავარი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება.

დღეისთვის 6 ვილა უკვე აშენებულია და 3-ის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. მიწის ფართების 75% უკვე გაყიდულია და თავისუფალი მხოლოდ 25% დარჩენილი, თუმცა მფლობელებმა შეიძლება სახლების აშენების გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღონ. პროექტი აღმართზე ავიდა და დასრულდება“, - აღნიშნა პროექტის ავტორმა.



გიორგი ბეგაძემ პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2021 წელს ინფლაციური პროცესების პარალელურად, სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი გაძვირების გამო, პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 25-30%-ით მოიმატა.

„ბოლო დროს სამშენებლო მასალების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პროექტს მნიშვნელოვნად აძვირებს. ასეთ ცვლილებებს იმ გადაწყვეტილებამდე მივყავართ, რომ იმაზე მაღალი ფასი დავიჭიროთ, რაც გვქონდა. ფასმა იმდენად მოიმატა, რომ მოგვიწია პროექტის ღირებულება დაახლოებით 25-30%-ით გაგვეზარდა“, - აღნიშნა ბეგაძემ.



ცნობისთვის: „ღვინის სოფლის“ მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყო და 2020 წელს მისი საინვესტიციო ღირებულება $3.5 მლნ-დან 4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სახლებისა და მიწის ნაკვეთების ღირებულება 60 000-დან 100 000 დოლარამდეა, ხოლო სახლების ფართობი 60 მ2-დან 120 მ2-მდეა. თანამედროვე ეთნოსოფლის კონცეფცია ტურისტულად მიმზიდველი სოფლის შექმნაა, სადაც ეთნო და თანამედროვე ელემენტები ერთად მოიყრის თავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები