ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოში უძველესი ღვინის კულტურით, - ასე ეწოდება ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის ალის ფეირინგის მიერ დაწერილ წიგნს, რომელმაც The Gourmand Awards-ის 2016 წლის ჯილდო მოიპოვა და შედეგად საქართველოზე დაწერილი წიგნი წლის საუკეთესოდ აღიარეს. მიმდინარე წლის მარტში გამოცემული წიგნი პოპულარული მალევე გახდა, - ის ჯერ ფორბსმა დაასახელა ღვინის შესახებ დაწერილ საუკეთესო წიგნად, შემდეგ კი ნიუ-იორკელი "სომალიეს" შესახებ სტატია Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, ალის ფეირინგი საქართველოში ცხრაჯერ იყო. მისი პირველი ვიზიტი 2011 წელს, ქვევრის სიმპოზიუმზე შედგა, რომელიც ალავერდში ჩატარდა. ალის ფეირინგის წიგნში ქართული ღვინის გარდა, ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტებიცაა გადმოცემული; მათ შორის, ავტორი ხაჭაპურს ასახელებს: "ყველით სავსე საკვები, რომელსაც საქართველოში ყველა ყოველთვის მიირთმევს".
კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრი, როგორც თავად ამბობს ღვინის მწერალი შემთხვევით გახდა, - მისი და ღვინის სიყვარული მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში სწავლისას, მეწყვილედ ღვინოზე შეყვარებული სტუდენტი შეხვდა.
ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო რელიგიური ქვეყანაა, სადაც მეღვინეების უმეტესობა გამდიდრებას არ ცდილობს. ალისმა ქართული ღვინო პირველად არა საქართველოში არამედ კალიფორნიაში დააგემოვნა, კახურმა ქისი სომელიეს ისეთი ინტერესი გაუჩნა, რომ მისი შთაბეჭდილებების გაზიარება დღეს ყველა მსურველს შეუძლია, ვინც მის წიგნს წაიკითხავს.
რატომ დაინტერესდით საქართველოთი და რატომ გადაწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმე მოგზაურობა?
ამის პირველი მიზეზი ის ისტორიაა, რომელიც თქვენს ქვეყანაშია. ქართული ღვინო სამუზეუმო ექსპონანტი არაა, ესაა მარნის ღვინო, რომელსაც ფესვები წარსულში აქვს. ნატურალური ქართული ღვინის ტრადიცია იყო ის, რამაც საქართველოში დაბრუნებისკენ არაერთხელ მიბიძგა. ჯონ ვუდერმანი იყო პირველი ადამიანი ვინც საქართველოში გავიცანი. ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 9-ჯერ ვიყავი საქართველოში და ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. საქართველოში არის ადგილები სადაც ნამყოფი ვარ და ადგილები სადაც მინდა რომ წავიდე. მაგალითად არასდროს ვყოფილვარ თუშეთში, არც სვანეთში. მე ვერ გამოვარჩევ ადგილს საქართველოში რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ყველა კუთხე განსხვავებულია, ეს პატარა ქვეყანაა, მთებში მოგზაურობა კი ძალიან საინტერესოა.
თქვენი წიგნის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ როდესაც საქართველოში გადაწყვიტეთ ჩამსვლა ყველას ეგონა, რომ ეს ამერიკის ერთ-ერთი შტატი იყო. გამოდის რომ ამერიკაში კვლავ არ იციან საქართველოს არსებობის შესახებ?
დღემდე მიწევს ამის ახსნა. თუმცა ახლა ამერიკაში მეტმა იცის საქართველოს შესახებ, ვიდრე ეს ადრე იყო. მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ, სადაც 5 რესტორანი ყიდის ქართულ ღვინოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სახლიდან 3 წუთის სავალ გზაზე მაღაზიაა, სადაც ქართული ღვინის სექციაა, სულ უფრო მეტი და მეტი ადგილი ჩნდება, სადაც ქართული ღვინის შეძენაა შესაძლებელი.
ერთხელ შემთხვევით ბიჭი შემხვდა ვინც ქართულ ღვინოს ეძებდა, მახსოვს როგორ გამიკვირდა.. ჩემს სტატიებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწორედ საქართველოს შესახებაა. ჩემში გაკვირვება გამოიწვია, იმან რომ საქართველოს უამრავი ჯიშის ვაზი აქვს. ასეთ მრავალფეროვნებას იშვიათად შევხვდებით.
თქვენი რჩევა რა იქნება ქართველი მეღვინეებისთვის?
რდესაც ცდილობთ რამეს იმიტაცია გააკეთოთ, ეს ყოველთვის დიდ ცდუნებასთანაა დაკავშირებული რადგან მაგალითად ფრანგული და კალიფორნიული ღვინო მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. საქართველოს ფენომენალური ღვინო აქვს, არაჩვეულებრივი გემოთი და ორიგანულობით. ჩემი რჩევა იქნება რომ დარჩეთ ოპტიმისტები, ქართულ ღვინოს დიდი მომავალი აქვს.
საქართველოში ღვინის ტურიზმის პერსპექტივას როგორ შეაფასებდით?
საქართველოში კლასიკური ღვინის ტურიზმი განვითარებული არაა, მაგრამ ქართველი მეღვინეები ყოველთვის მზად არიან გახსნან საკუთარი მარნები სტუმრებისთვის. ხშირად ენა წარმოადგენს პრობლემას, თუმცა ყოველთვის გამოიძებნება საშუალება კომუნიკაციისთვის. საქართველო ღვინის ტურიზმისთვის არაჩვეულებრივი ქვეყანაა. სხვა ქვეყნებში ღვინოს ტურიზმი შოუა და არ უკავშირდება მხოლოდ ღვინოს, ხალხს და გემოს. ღვინის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და მისი განვითარება ეკონომისკისთვის დიდი ბუმი იქნებოდა, საქართველოს ღვინის ისტორია ამის შესაძლებლობას იძლევა და ამას ქართული სამზარეულოც ემატება.
ჩემი შემდეგი კითხვაც ქართულ სამზარეულოს უკავშირდება, ამ კუთხით როგორ შეაფასებდით საქართველოს?
ჩემს წიგნში რეცეპტებიც მაქვს დართული, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც წიგნში რეცეპტებიც მაქვს დართული. იმისთვის, ომ ქართული ღვინო გაიგო, უნდა იცოდე ქართული კერძებიც. ნამდვილად სამოთხეში ვიყავი როდესაც პირველად ქართული კერძები დავაგემოვნე. საქართველოში ყველა ნატურალური საკვები არის ძალიან კარგი. ხალხი როდესაც საქართველოზე ფიქრობს ახსენდებათ საბჭოთა კავშირი და არ ესმით რომ ქართული საკვები არაა რუსული.
ამერიკაშიც ასე ფიქრობენ?
დიახ.. როდესაც საქართველოზე ვსაუბრობ მეკითხებიან - რუსეთი? და ვპასუხობ რომ ეს ასე არაა. თუმცა ქართული საკვები სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტმა ადამიანმა იცის რა არის ხაჭაპური და ხინკალი. ბრუკლინში გვაქვს თონის კაფე, ასევე რესტორანი ძველი თბილისი და ოდა სახლი. ძალიან ბევრი ქართული რესტორანი იხსნება ამერიკაში.
თქვენი წიგნის მთავარი შინაარსი რა არის?
ჩემი წიგნი მეღვინეებზეა, ნატურალურ ღვინოზე და კულტურაზე. მაინტერესებდა თუ რა ხდიდა ქართულ ღვინოს ასეთ უნიკალურს. განსაკუთრებით მახსოვს ერთი დღე, როდესაც ერთ პატარა სოფელში წავედით რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, სადაც 4000 წლის წინანდელი ღვინო დავაგემოვნეთ. ჩვენი მეგზური ახალგაზრდა კაცი იყო, სახელად გიორგი, ის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ლექტორია მისი სოფელი ქვისგან იყო აშენებული, წარსულში თურქებისგან დასაცავად. ჩემს მასპინძელს ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდება თავის სოფელში, სურდა იქ ეცხოვრა. მის სოფელში არსებული სითბო საოცარი იყო, არასდროს დამავიწყდება სტუმართმოყვარეობა, მომღიმარი სახეები და საოცარი საკვები, რომლის მსგავსიც არსად გამისინჯავს. ეს სოფელი იყო მაგალითი ქართული კულტურის აწყმოსა და წარსულის.

























