მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვითხრეს, რომ დღგ-ს დიფერენციაციის საკითხზე მუშაობა დაწყებულია - ბიზნესი "ფასების კომისიასთან" შეხვედრის შემდეგ

კუმისი

გვითხრეს, რომ [სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ)] დიფერენციაციის საკითხზე მუშაობა დაწყებულია, - ამის შესახებ კომპანია „კუმისის“ კომერციულმა დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თემა 26 იანვარს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით გაიმართა და სურსათის ფასების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც ვისაუბრეთ, იყო „დღგ“-ს თემა. საუბარია სოფლის მეურნეობის ორ პროდუქტზე - ეს არის ნედლი ქათამი და სასურსათო კვერცხი, კონკრეტულად ქათმის კვერცხი და ქათმის ხორცი. მაშინ, როდესაც ინდაური და ინდაურის კვერცხი „დღგ“-სგან განთავისუფლებულია, აღნიშნული პროდუქტები დაბეგვრას ექვემდებარება“, - აცხადებს “კუმისის” წარმომადგენელი.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების დიდი ნაწილი დღგ-სგან გათავისუფლებულია, რის ფონზეც მწარმოებლებმა ევროპული პრაქტიკის მაგალითებიც მოიყვანეს.

"ევროპაში არსებობს გამოცდილება, როდესაც სამომხმარებლო კალათაში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროდუქტები გადასახადების კუთხით დიფერენცირებულია. მაგალითად, თუ სწორად მახსოვს, მგონი [სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დღგ] 4%-ია გერმანიაში. კომბოსტოზე თუ კიტრი არის 7%. ჩვენ იმის თქმა გვინდოდა, რომ შესაძლებელია ჩვენ არ წავიდეთ პირდაპირ „დღგ“-ს მოხსნის კუთხით, მაგრამ ხომ შეიძლება ამის დიფერენციაცია გაკეთდეს და შედარებით, ნაკლები იყოს",- თქვა მან.

გოგიტა მაისურაძის განცხადებით, საკითხი სიღრმისეულად განიხილეს და ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა.

"ძალიან სიღრმისეულად განვიხილეთ ეს თემა და შეიძლება ითქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა შეიქმნას კონკრეტული მოდელის მონახაზი, რომელზედაც შემდეგ უკვე მსჯელობა იქნება შესაძლებელი. კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, თუმცა საუბარი იყო უახლოეს პერიოდზე.

ჩვენ ამ პროცესისთვის ღია ვართ. მზად ვართ ნებისმიერ სტრუქტურასთან ვითანამშრომლოთ და შედეგებს სწორედ ამ სამუშაოს მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ დავინახავთ“, - აცხადებს გოგიტა მაისურაძე.

მისივე თქმით, დღგ-ს შესაძლო დიფერენცირება ადგილობრივ მწარმოებლებს იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„თუ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და გადაკვეთის წერტილებს ვიპოვით, ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულ პროდუქციასთან უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. დღეს ფაქტია, რომ ფასში ხშირად იმპორტირებული პროდუქცია გვჯობნის“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.

როგორც კომპანია „კუმისის“ კომერციული დირექტორი განმარტავს, კვერცხის წარმოება ცოცხალ პროცესს უკავშირდება და იმპორტის ზრდის პირობებში წარმოების სწრაფი რეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია : „არის წლები, როდესაც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 99%-ს აღწევს, ხოლო არის პერიოდები, როდესაც ეს მაჩვენებელი 96%-მდე ჩამოდის, რაც იმპორტის ზრდას ნიშნავს. ასეთ დროს წარმოების უკან დახევა რთულია, რადგან ეს ცოცხალი ორგანიზმია და ვერ ეტყვი, რომ ხვალ კვერცხი არ დადოს".

რაც შეეხება ფასების კორექციას, ფასების შესაძლო კორექციაზე საუბრისას მაისურაძე აღნიშნავს, რომ საკითხი მრავალფაქტორიანია და ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ ექვემდებარება.

„ფასებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ეს ბევრ საკითხს მოიცავს. ერთაზროვნად არავის ინტერესში არ შედის, კვერცხის ფასი მაღალი იყოს, თუმცა თავად "მაღალი ფასის" განსაზღვრაც ცალკე საკითხია“, - თქვა მან.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული შედეგების მიღწევა, თუმცა ცრუ მოლოდინების შექმნას ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები