მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჯერა, რაჭა უფრო პოპულარული გახდება და ბიზნესის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდება - სასტუმრო "ნოველა"

სასტუმრო ნოველა

რაჭაში მდებარე სასტუმრო „ნოველა“ ივლისში 43%-ით არის დატვირთული, აგვისტოში ჯავშნების რაოდენობა 28%-ს შეადგენს, სექტემბერი-ოქტომბრის ჯავშნები კი 10%-მდე აღწევს. როგორც BMG-სთან „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის" მმართველი პარტნიორი თენგო ჭუმბაშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის ეს მონაცემები დამაკმაყოფილებელია და სასტუმრო სეზონს აქტიურ ფაზაში ხვდება.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო „ნოველა“ 16 ნომერსა და 45-მდე საწოლ ადგილს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ რაჭა სეზონურობით ხასიათდება, სასტუმრომ ფუნქციონირება ზამთრის პერიოდშიც არ შეაჩერა.

„ჩვენ ვართ რაჭის რეგიონში, იმ მცირე სასტუმროთა ჯგუფში, შეიძლება ერთადერთიც, რომელმაც მთელი არასეზონის განმავლობაში სასტუმროს მთელი კომპლექსის ფუნქციონირება არ შევაჩერეთ. 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნა ჩვენი სასტუმრო და პერიოდიდან, ფაქტობრივად, ერთი დღეც კი არ გაჩერებულა, მიუხედავად ძალიან მძიმე პერიოდისა, დეკემბერი-იანვრის პერიოდის ჩათვლით, როცა რაჭაში არათუ დამსვენებელი, ადგილობრივი მოსახლეობაც კი ძალიან რთულ ზამთარს გადის რა. მოგეხსენებათ, რაჭა არ არის ზამთრის სეზონის კურორტი, შესაბამისად, მთელი ზამთრის განმავლობაში, სტუმარმასპინძლობის ბიზნესი აქ გადარჩენისთვის იბრძვის“ - აცხადებს თენგო ჭუმბაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროსთვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მენეჯმენტში „კა ჯგუფის“ შეყვანა, რომელმაც სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, გუნდს დახმარება გაუწია.

„ჩვენი სასტუმროსთვის სტრატეგიულად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - ეს არის სასტუმროების მმართველი კომპანიის "კა ჯგუფის", როგორც პარტნიორის, მენეჯმენტის ნაწილში შემოყვანა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასტუმროს განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ეს გუნდი 1000 ერთეულზე მეტ საწოლ ფონდს მართავს ჯამში, შესაბამისად, ჩვენ მათგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და სტანდარტები, რამაც შესაძლებლობა მისცა ჩვენს სასტუმროს, კიდევ უფრო სხვა ეტაპზე და სხვა ხარისხზე გადასულიყო, როგორც სერვისული, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღეთ, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვნერგავთ. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და ბიზნესის კუთხით საკმაოდ ეფექტური“ - თენგო ჭუმბაშვილი.

რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, სასტუმროს საშუალო დღიური ტარიფი (ADR) 250 ლარს შეადგენს. ჭუმბაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში მზარდი კონკურენციისა და ეკონომიკური ფაქტორების მიუხედავად, ფასების მკვეთრი ზრდა არ იგეგმება, რათა კონკურენტუნარიანობა შენარჩუნდეს.

როგორც ჭუმბაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სასტუმრო ბიზნესის მოგების მარჟა ვერ უტოლდება ევროპულ ან ამერიკულ მაჩვენებლებს, ინვესტორებისთვის ამ პროექტს ემოციური და ღირებულებითი დატვირთვაც აქვს. „ნოველაში“ დასაქმებულთა 100% ადგილობრივი კადრია.

"ჩვენ ვართ რაჭველები და სასტუმროს აქვს ერთი კონკრეტული მიმართულება და შეთანხმებული პოლიტიკა - რაჭაში ჩვენს სასტუმროში დასაქმებულები 100%-ით ადგილობრივი კადრები არიან და ამ პოლიტიკას არ ვცვლით. სუფთა ბიზნესის კეთების კუთხით, სხვა საკითხია, როცა ინვესტორს კონკრეტული მოლოდინი აქვს, კონკრეტულ რიცხვებში... თუმცა, მოგეხსენებათ, საქართველოში ხშირად სხვა რეალობაა ხოლმე და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, - ღირებულებითი ნაწილი არ არის ის, რასაც შეიძლება ბიზნესიდან ველოდოთ. რა თქმა უნდა, მომავლის იმედით ვართ და დარწმუნებული ვარ რაჭის რეგიონში ყველა სასტუმროს მფლობელი ჩვენნაირად ფიქრობს - რომ აუცილებლად მოვა ის დრო, როცა რაჭა მიმზიდველი იქნება ყველა მიმართულების დამსვენებლისთვის, როგორც ერთ-ერთი უნიკალური ადგილი", - ამბობს თენგო ჭუმბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები