მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გვსურს ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა - მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდი „ქეჟბერია“

6406d33b159ab
ნანუკა ნარიმანიძე
07.03.23 15:40
915
ქართული ტანსაცმლის ბრენდი „ქეჟბერია“ სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასა და უცხოეთში ონლაინ გაყიდვების წარმოებას გეგმავს - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა სალომე თანდაშვილმა Bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ქეჟბერია“ საქართველოს ბაზარზე წელიწადნახევარია ოპერირებს და მომხმარებელს მამაკაცის „ქეჟუალ“ სტილის სამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ელემენტებზე.

„ჩვენ მხოლოდ მამაკაცის სამოსსა და აქსესუარებს ვქმნით, ვცდილობთ ქართული ტრადიციული ელემენტები ყოველდღიურ, თანამედროვე სტილის ჩაცმულობაში ავსახოთ. ნებისმიერი ქართული ელემენტი შესაძლებელია გახდეს ჩვენი ინსპირაციის წყარო“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.

ბრენდი ამჟამად ახალი კოლექციის გამოშვებაზე მუშაობს, აღსანიშნია ისიც, რომ ძალიან მალე ახალი ქართული სერიალი „ღამის მონადირეები“ გამოდის, რომლის პერსონაჟებსაც სწორედ ბრენდი „ქეჟბერია“ შემოსავს.

„მალე ახალი ქართული სერიალი გამოდის, რომელიც დაფინანსებას ელოდება, მის მთავარ პერსონაჟებს აცვიათ ჩვენი ლაბადები, ვზრუნავთ მათ სრულად კოსტიუმირებაზე.“ - აღნიშნა დამფუძნებელმა.

იმის მიუხედავად, რომ ბრენდი ინდივიდუალურ შეკვეთებზე არ მუშაობს, ისინი აქტიურად აფორმებენ შეკვეთებს სხვადასხვა კომპანიასთან და უკერავენ მათ უნიფორმებსა და ტანისამოსს „ქეჟბერიას“ სახელით.

კონკურენტებზე საუბრისას, სალომე თანდაშვილი აღნიშნავს, რომ ბრენდს ქართულ ბაზარზე, ფაქტობრივად, კონკურენტები არ ჰყავს. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტილის მიმართულებით მხოლოდ მამაკაცის სამოსზე მომუშავე ბრენდი საქართველოში არ არსებობს, ყოველთვის ვხვდებით ქალისა ან უნივერსალური სქესის ბრენდებს, მხოლოდ მამაკაცის ბრენდი კი ჯერჯერობით რამდენიმეა", - დასძინა მან.

Bm.ge-სთან ინტერვიუში დამფუძნებელი სამომავლო გეგმებსაც განიხილავს, მას როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზეც სურს დამკვიდრება. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქართულ მაღაზიასთან, ასევე გვსურს ჩვენი პროდუქციის Etsy-ზე, Amazon-ზე, Ebay-ზე და სხვა უცხოურ პლატფორმაზე განთავსება, შორეულ მომავალში განვიხილავთ ბრიტანეთში ჩვენი ბრენდის დამკვიდრებასაც", - ამბობს ის.

„ქეჟბერიას“ გუნდში მხოლოდ ორი დამფუძნებელია, დროდადრო, საჭიროებიდან გამომდინარე იმატებენ ორ დამხმარეს. ბრენდის ტანსაცმლის შეძენა extra.ge-ზე, მათი ფეისბუქისა და ინსტაგრამ გვერდების საშუალებითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები