ბოლო წლებში, ხელნაკეთი შოკოლადი ქართველ მომხმარებლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაღალი ხარისხის ხელნაკეთ ტკბილეულს ყიდულობენ, როგორც ადამიანები, ასევე კომპანიები, ხოლო მოთხოვნა მზარდია, თანაც არამხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში.
“შიკოლი”, რომელიც თბილისში ორ მაღაზიას და ონლაინ არხებს ფლობს, ხელნაკეთი შოკოლადის წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. როგორც “შიკოლის” დამფუძნებელმა, თამთა ბენაშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, კომპანია მან ჯერ კიდევ 2017 წელს დააფუძნა, რადგან სურდა, საქართველოში ხელნაკეთი შოკოლადის ჩუქებისა და გაგზავნის დასავლური კულტურა დაემკვიდრებინა. ეს მიზანი, როგორც ჩანს, მიღწეულია.
“ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება “შიკოლიმ” ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა საქართველოში ეს ხელობა დიდად არ იყო გავრცელებული და ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ ხელნაკეთი შოკოლადის ჩუქებისა და გაგზავნის კულტურის დამკვიდრება იყო. წლებთან ერთად, მომხმარებელი შეეჩვია და მოთხოვნაც გაიზარდა, რადგან თავად შოკოლადი ის პროდუქტია, არ შეიძლება არ მოგინდეს.
თუ ადრე, ხელნაკეთ შოკოლადზე უფრო დიდი მოთხოვნა კორპორაციული სეგმენტიდან იყო, ახლა საცალო მომხმარებელიც მომრავლდა. თბილისში ორი მაღაზია გვაქვს, ამასთან შოკოლადს დისტანციურადაც ვყიდით. თუ ადრე, შოკოლადს, უმეტესწილად, დღესასწაულებზე ყიდულობდნენ, ახლა მოთხოვნა ყოველდღიური გახდა. გვყავს, როგორც ახალი, ასევე მუდმივი კლიენტები.. მომხმარებელთა შორის ტურისტებიც არიან”, - განაცხადა თამთა ბენაშვილმა “საქმიან საღამოში”.
“შიკოლის” დამფუძნებელმა კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელნაკეთ შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება, რაც კომპანიას წარმოების გაზრდისკენ უბიძგებს.
“მიმდინარე წელს შოკოლადის ახალი სახეობების დამატებას, წარმოების გაზრდას და გაფართოებას ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა, როგორც გითხარით, წლიდან წლამდე იზრდება. საახალწლო პერიოდში იმდენი შეკვეთა მივიღეთ, ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო და, რადგანაც ტენდენცია მზარდია, მას ფეხი უნდა ავუბათ”, - აღნიშნა “შიკოლის” დამფუძნებელმა, თამთა ბენაშვილმა “საქმიან საღამოში”.