საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა პრესასთან კომენტარები გააკეთეს.
"ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ინტერესი და მისწრაფება, რომ განავითარონ და განამტკიცონ არსებული ურთიერთობები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ. მისი ტქმით, საქართველოს შეუძლია ეს ურთიერთობებ ახალ დონეზე აიყვანოს.
"მივესალმებით საქართველოში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას. გვსურს ავითვისოთ თანამშრომლობის პოტენციალი და ვიხილოთ მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში და განვავითაროთ ურთიერთობა მცირე და საშუალო ბიზნესს შორის. საქართველოს აქვს პოტენციალი რომ იქცეს კარიბჭედ, იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.
საქართველოში იმყოფებიან გერმანული კომპანიების წარმომადგენლებიც. ჩემთვის საამაყოა, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის რკინიგზას შორის. გერმანიის რკინიგზა გახლავთ საქართველოს სანდო პარტნიორი ევროკავშირში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.