2023 წლის სექტემბრიდან, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესს ბრიტანელი ანტრეპრენიორი და მენეჯერი, ოლივერ ჰიუზი ხელმძღვანელობს, რომელიც, ამ დრომდე, მსოფლიოს უდიდესი ნეობანკის, Tinkoff Bank-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, თხუთმეტი წლის განმავლობაში. როგორც ოლივერ ჰიუზმა უზბეკურ Weekly-სთან განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც მან ახალი გამოწვევის ძებნა დაიწყო. ამ დროს, ბრიტანელს “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი დაუკავშირდა და ქართულ კომპანიაში მუშაობა შესთავაზა.
მაშ, რა სტრატეგიული მიზნებით მოვიდა “თიბისი ჯგუფში” ბრიტანელი ატრეპრენიორი? როგორც ოლივერ ჰიუზი Weekly-სთან ამბობს, “თიბისი უზბეკეთის” მიზანია, უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტად იქცეს, რომელიც საცალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული და თან, აქციონერებისთვის მოგებას დააგენერირებს.
“გვსურს, ერთ-ერთ წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტად ვიქცეთ ქვეყანაში საცალო მომხმარებლებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როგორც საბანკო მომსახურების, ასევე დაზღვევის, მოგზაურობისა და გართობის მიმართულებით. ამ მიზანს მივაღწევთ. ამასთან, გვინდა მოგებაც დავაგენერიროთ და ამის წინაპირობას ვხედავთ. საბანკო სექტორი ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება და ქვეყანაში ბევრი სოციალურ-ეკონომიკური ძვრა ფიქსირდება. ბაზარი იზრდება და ჩვენ, ამ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბანკი ვიქნებით.
ერთ-ერთი წამყვანი, რადგან აუცილებელია, თავმდაბლობა შევინარჩუნოთ. გააჩნია, რა მიმართულებას ავიღებთ, რადგან კორპორაციული ბიზნესი არ გვაინტერესებს, ეს არ არის ჩვენი მიმართულება. თუმცა, ლიდერებს შორის ვიქნებით. თუ უზბეკეთი ჩვენ ლიდერად დაგვასახელებს, ეს ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს - მანამდე კი, მნიშვნელოვანია აღვასრულოთ. ამჟამად, ოთხი მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან დიდია და 36 მილიონს აღემატება. შეიძლება თუ არა ათი და ოცი მილიონი მომხმარებელი გვყავდეს? ცხადია, შეიძლება და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუმცა ყველაფერი ეს რომ მოხდეს, აუცილებელია საუკეთესო მომსახურება შევქმნათ, რადგან ადამიანს, რომელიც თიბისიზე ფიქრობს, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცილება, პრობლემების საუკეთესოდ მოგვარების გზა და საუკეთესო დიზაინი უნდა გაახსენდეს.
ახლა ამ გზის დასაწყისში ვართ, მაგრამ ეს გზა მნიშვნელოვანია უზბეკეთისთვისაც. უზბეკებს რომ ველაპარაკები, ყველა მეკითხება, უზბეკეთზე რას ფიქრობო. ამ თემაზე ბევრჯერ მილაპარაკია - ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს, მაგრამ შეუძლია თუ არა უზბეკეთს ფინტექის კუთხით ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცეს მსოფლიოში? რატომ არ შეუძლია? ყაზახეთმა, მაგალითად, ეს მოახერხა, თან ფაქტობრივად ერთი კომპანიის დამსახურებით. იგივე მოახერხეს რუსეთმა, ბრაზილიამ და ინდოეთმაც. თუმცა, რატომ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი კოლეგების დახმარებით, გლობალურ რუკაზე უზბეკეთი მოვნიშნოთ, როგორც საინტერესო ფინტექ-კომპანიების აკვანი? ყველაფერი ეს უკვე დაიწყო”, - განაცხადა ოლივერ ჰიუზმა.