საოჯახო მარანი “ოდას" დამფუძნებლის, ქეთო ნინიძის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ტურიზმის სექტორზე ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ნინიძემ BMG-თან საუბრისას განმარტა, კომპანიას ამერიკელი პარტნიორი ჰყავს, რომელიც სამეგრელოში ვენახების გაშენებითა და შტატებში ღვინის ექსპორტით არის დაინტერესებული, თუმცა არსებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ინვესტორების ინტერესი შენელებული და გაურკვეველია.
„ჩვენი წარმადობა 5-6 ათასი ბოთლია, ვცდილობთ გაფართოებას, თუმცა იმ გარემოებების გამო, რაც ხდება, თავს ვიკავებთ. გვყავს ინვესტორი, ვისაც გარკვეული გეგმები აქვს სამეგრელოს რეგიონში, თუმცა ამ ეტაპზე ტურბულენტური პერიოდია. ველოდებით, რა მოხდება ქვეყანაში, რათა შემდეგ ახალი ვენახები გავაშენოთ და ახალი ღვინოები გავაცნოთ მსოფლიოს. საუბარია ამერიკელ პარტნიორზე.
ასევე, ახალ იმპორტიორთან გვქონდა საუბარი, რათა კიდევ უფრო მეტ შტატში გავიტანოთ პროდუქტი. თუმცა დიდი წერილის გამზადება მომიხდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში. შემეშინდა ამ წერილის მიწერა და ახსნა ამ ყველაფრის. ღია მდგომარეობაში ვართ და არ ვიცით, რა იქნება.
ბოლო დროინდელი ტენდენციაა კლებადია, ჩვენ რესტორანსაც ვფლობთ და ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა, ახალი ჯავშნები არ შემოდის. თითქმის განულებულია მათი რიცხვი, ვინც დაჯავშნის გარეშე შემოდის ჩვენთან, ამ მხრივ ძალიან ნეგატიური მდგომარეობაა,“ - განაცხადა ნინიძემ.