მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP-ს რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის გამოცვლა ₾12.5 მილიონი დაუჯდება

ჯივიპი

თბილისის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემის განახლებაში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს. კომპანიის ინფორმაციით, ეს მოიცავს 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის სრულ განახლებას. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი.

“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, აღსანიშნავია რომ სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება. პროცესის მიმდინარეობისას არსებული ქსელი ექსპლუატაციაში რჩება, რაც უზრუნველყოფს წყალმომარაგების უწყვეტობას. ახალი სისტემის სრულად მოწყობის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა” - აღნიშნავს გიგა ნადირაძე, gwp-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.

თავის მხრივ, უშუალოდ გამზირის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის ბიუჯეტს 19.8 მილიონი ლარი უჯდება. სამუშაოებს მერიის ტენდერში გამარჯვებული შპს "სმარტ სოლუშენსი" აწარმოებს.

დღეს კომპანიის დირექტორმა, ლევან გოგსაძემ BMG-ის განუცხადა, რომ 100-დღიანი ვადა შესაძლოა პროექტის დასრულებისთვის საკმარისი არ იყოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის თავდაპირველად დათქმულ ვადებში დასრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, მათ შორის - შეზღუდული სამუშაო არეალი, ადგილზე მომუშავე სხვა კონტრაქტორებთან კოორდინაციის აუცილებლობა და უშუალოდ პროექტში შესატანი ცვლილებები.

"მხოლოდ ჩვენი გათვლები არ არის საკმარისი, იმიტომ რომ, როგორც მოგეხსენებათ, აქ მარტო არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან შეზღუდული არეალი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს... ძალიან ბევრ ადგილას არ გვეძლევა საშუალება, რომ დავიწყოთ სამუშაოები და ვცდილობთ, რომ სინქრონულად, ამ სხვა კონტრაქტორებთან ერთად, რაღაცნაირად ვიმუშაოთ.

ვადა რაც ჩვენ გვაქვს დაწესებული, 100-დღიანი ვადა, სავარაუდოდ არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეზღუდულ არეალში ვმუშაობთ, რაღაც ცვლილებებსაც საჭიროებს პროექტი და ეს პროცესებიც უკვე დავიწყეთ. ჯერჯერობით რთულია ამის თქმა, რამდენი ხანი დაგვჭირდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეზღუდულ ვადებში ვიმუშაოთ", - აცხადებს ლევან გოგსაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები